საერთაშორისო ვიზიტორების უდიდესი ნაწილი მიმდინარე წლის ორ კვარტალში საქართველოში მოსახვედრად სახმელეთო გზას იყენებდა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, საანგარიშო პერიოდში სახმელეთო საზღვარი 1.65 მლნ ვიზიტორმა გადაკვეთა.
სახმელეთო საზღვრის შემდეგ, საერთაშორისო ვიზიტორებში პოპულარულია საჰაერო საზღვარი, რომელიც პირველ-მეორე კვარტალში 1.02 მლნ ტურისტმა გადმოკვეთა. საზღვაო გზით საქართველოში ამავე პერიოდში 13.5 ათასი ტურისტი მოხვდა, ხოლო სარკინიგზო გზით მხოლოდ 4.9 ათასამდე.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის ორ კვარტალში, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 4.3%-ით შემცირდა იმ ვიზიტორების რაოდენობა, რომლებიც ქვეყანაში სახმელეთო გზით შემოვიდნენ. ცნობისთვის, შარშან ორ კვარტალში სახმელეთო გზა 1.72 მლნ ტურისტმა გამოიყენა.
ამავე პერიოდში 30%-ით არის გაზრდილი საჰაერო გზით სარგებლობა. უფრო კონკრეტულად, შარშან ორ კვარტალში ქვეყანაში საჰაერო გზით 786 ათასი ვიზიტორი შემოვიდა. ამასთანავე, 46%-ით არის შემცირებული სარკინიგზო გზით ვიზიტორთა გადაადგილება საქართველოში, კერძოდ, შარშან 9 ათასი ვიზიტორი ეწვია ქვეყანას რკინიგზის გამოყენებით.
რაც შეეხება საზღვაო გზას, მცურავი საშუალებებით შარშან 12.5 ათასი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა საქართველოში. მონაცემები აჩვენებს, რომ წელს წლიურად 7.8%-ით არის გაზრდილი ზღვით ვიზიტორთა გადაადგილება.