საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში შაქრის იმპორტი წლიურად 18%-ით შემცირდა. საქსტატის თანახმად, შარშან პირველ ექვს თვეში იმპორტირებული იყო 37.755 მლნ დოლარის (55 182 ტონა) შაქარი, წელს კი 30.833 მლნ დოლარის (43 313 ტონა).
მიუხედავად იმისა, რომ იმპორტი შემცირებულია, საანგარიშო პერიოდში საქართველოს შაქრის საიმპორტო ფასი 4.2%-ით გაეზარდა. შარშან თუ 1 კგ-ის იმპორტი 0.68 დოლარი ჯდებოდა, წელს ფასმა 0.71 დოლარს მიაღწია.
2024 წლის ექვს თვეში საქართველოში შაქრის 5 უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა ასე გამოყურება:
აღსანიშნავია, რომ თურქეთიდან შაქრის იმპორტი წელს 2 900-ჯერ გაიზარდა. შარშან იანვარ-ივნისში თურქეთიდან მხოლოდ 1 340 დოლარის შაქარი შემოვიდა, წელს კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, 3.937 მლნ დოლარის. თურქეთიდან 1კგ შაქრის იმპორტი 0.73 დოლარი გვიჯდება.
ამასთანავე, არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან 2023 წლის პირველ ექვს თვეში შაქრის იმპორტი არ განხორციელებულა, წელს კი უმსხვილეს იმპორტიორთა ხუთეულში მე-4 ადგილი დაიკავა. აქედან შაქრის იმპორტმა 3.586 მლნ დოლარს მიაღწია, 1კგ-ის იმპორტი კი 0.6 დოლარი ღირდა.
წლიურად შემცირებულია ბრაზილიიდან შაქრის იმპორტი. წელს 5.307 მლნ დოლარის შაქარი ვიყიდეთ, შარშან კი 20.044 მლნ დოლარის. ეს ნიშნავს იმას, რომ წელს კლებამ 74% შეადგინა. ბრაზილიიდან 1კგ. შაქრის საიმპორტო ფასი 0.59 დოლარს შეადგენდა.
საფრანგეთიდან წლიურად 45%-ით არის გაზრდილი შაქრის იმპორტი. მაგალითისთვის, შარშან იანვარ-ივნისში საქართველომ საფრანგეთიდან 6.053 მლნ დოლარის შაქარი იყიდა, წელს კი 8.761 მლნ დოლარის. ამ შემთხვევაში 0.8 დოლარი ჯდებოდა 1კგ-ის იმპორტი.
რაც შეეხება ნიდერლანდებს, ამ შემთხვევაშიც გაზრდილია შაქრის იმპორტი. გასული წლის საანგარიშო პერიოდში საქართველომ 1.444 მლნ დოლარის პროდუქტი იყიდა, წელს კი 3.382 მლნ დოლარის. ეს ნიშნავს იმას, რომ შაქრის იმპორტი ნიდერლანდებიდან 134%-ით გაიზარდა. აქედან შაქრის იმპორტი 0.83 დოლარი უჯდებოდა ქვეყანას.