კოპენჰაგენში ეკოლოგიურ ტურისტებს უფასო სერვისებითა და კერძებით აჯილდოებენ

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში არაერთმა კერძო კომპანიამ გადაწყვიტა, ის ტურისტები დააჯილდოვოს, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრების წესს მისდევენ.

ეს, The Independent-ის ცნობით, პროგრამა CopenPay-ის ფარგლებში კეთდება, რომელიც მიმდინარე ზაფხულს ტურისტების ეკოლოგიურობისთვის ტურიზმის საქალაქო საბჭომ შეიმუშავა.

პროგრამაში 24 ღირსშესანიშნაობა, მათ შორის, დანიის ეროვნული მუზეუმი, საზოგადოებრივი სივრცე CopenHill, წყალზე აქტიური დასვენების ცენტრი Green Kayak და ფუდ-ჰოლი Absalon მონაწილეობენ. მათი უმრავლესობაც ველოსიპედსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მგზავრობის წახალისებას ეწევა.

კერძოდ, თუ ამ სივრცეებამდე ტურისტები ავტომობილით არ მივლენ, უფასო ყავით, კოქტეილით, ნაყინით, ლანჩით, არხების გასწვრივ ელექტრონავზე ექსკურსიით, ველოსიპედის უფასო იჯარით, კოპენჰაგენის სათხილამურო ხელოვნურ ფერდობზე დამატებითი დროით ან ყოფილ წყალსაცავში მდებარე ხელოვნების მიწისქვეშა დარბაზში შესასვლელი ბილეთით დაჯილდოვდებიან.

ჯილდოს მისაღებად ტურისტმა გამოყენებული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ბილეთი ან ველოსიპედით მისი მგზავრობის ფოტო უნდა წარადგინოს.

კოპენჰაგენში ტურისტებს, ასევე, სხვა სახის ეკოაქტივობის გამოც აჯილდოებენ. კერძოდ, ქუჩაში შეგროვებული ნაგვის ტომრისთვის მათ ორგანული პროდუქტებისგან დამზადებული კერძით უფასოდ უმასპინძლდებიან.

CopenPay-ის საპილოტე პროგრამა 15 ივლისიდან ამოქმედდა და 11 აგვისტომდე გაგრძელდება.

ცნობისთვის: კოპენჰაგენი მსოფლიოში ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი მესამე ქალაქია, მაშინ, როცა ყოველწლიურად მას 12 მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. თავად კოპენჰაგენის მცხოვრებლები დიდი ხანია “მწვანე” ინიციატივების აქტიური მხარდამჭერი არიან. კერძოდ, მოქალაქეთა, დაახლოებით, 62% სამსახურში ველოსიპედით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადის, ასევე, გარემოსდაცვით ღონისძიებებში მონაწილეობს და საქალაქო ფერმებში მოხალისეებად მუშაობენ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ