„თვითმფრინავების სალიზინგო კომპანიები რისკებს ხედავენ, გართულდა დაზღვევაც“ - რა გამოწვევებია ავიაციაში

„გართულდა თვითმფრინავების გადმოცემა ლიზინგით“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას HUB Georgia-ს დამფუძნებელმა გიორგი კოდუამ განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, თვითმფრინავების სალიზინგო კომპანიები ახალ კონტრაქტებზე იმ პირობებზე, რაც ადრე იყო, რთულად თანხმდებიან. აღნიშნულს კოდუა უკავშირებს იმას, რომ სალიზინგო კომპანიები საქართველოში რისკებს ხედავენ.

„სალიზინგო კომპანიები არ მოდიან ახლა კონტრაქტზე იმ პირობებზე, როგორც ადრე იყო. განსხვავება ცა და დედამიწასავით არის - გაცილებით გართულდა თვითმფრინავების გადმოცემა ლიზინგით. სალიზინგოები რისკებს ხედავენ ჩვენს ქვეყანაში, თანხები რომ აქ არის. ყიდვა უფრო ადვილია, ყიდვისას თანხის წარმომავლობის წარმოდგენა სჭირდებათ.

რამდენიმე წელია ჩვენ ვეხვეწებით მთავრობას, რომ შეუერთდეს კეიპტაუნის ხელშეკრულებას. როდესაც შეერთებულია სახელმწიფო ამას, დაცულია ავიაკომპანია. ჩვენ არ ვართ მიერთებული, ამას დაემატა „რუსული კანონიც“, ამ ფონზე ლიზინგური კომპანია არ მოგყვება პირობაზე, რომ ყოველ თვე 200-დან 500 ათასამდე დოლარი გადავიხადოთ. 30 მილიონ დოლარად გადმოგცემენ თვითმფრინავს და მერე უნდა უყურონ, ყოველ თვე ჩარიცხვებს განახორციელებ თუ არა, რისკის შემცველია ეს მათთვის“, - აღნიშნა კოდუამ.

HUB Georgia-ს დამფუძნებელმა დასძინა, რომ გართულებულია დაზღვევის საკითხიც.

„არამარტო ლიზინგი, პრობლემაა დაზღვევაც. აპრიორი წერია, რომ თვითმფრინავს რომ აიღებს, რუსეთის ფედერაციაში, ირანში, ჩრდილოეთ კორეაში და ასეთ ქვეყნებში, არ გაქვს უფლება ფრენის. გადაფრენის უფლებაც შეზღუდულია, დამატებით ითხოვენ ნებართვას, რომ განაცხადი გავაკეთოთ და ერთჯერადად-ორჯერადად განვახორციელოთ გადაფრენა, მაგრამ ესეც უნდა შევატყობინოთ სადაზღვევო კომპანიებს. მეორე, ძვირდება დაზღვევა ასეთ შემთხვევაში“, - აღნიშნავს გიორგი კოდუა bpn-თან საუბრისას.

მერი ტაბატაძე