„მოქალაქეები ხვდებიან შარლატანების ხელში და უკან გაცილებით ცუდ  მდგომარეობაში  ბრუნდებიან“ - რატომ უჭირთ საქართველოში დიაგნოზის დასმა

„ხშირად მოქალაქეები ხვდებიან შარლატანების ხელში და გაცილებით ცუდ მდგომარეობაში ბრუნდებიან“ - „ნიუ ჰოსპიტალსის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ვახტანგ კალოიანის თქმით, ერთეული ან თუნდაც ათეული კვალიფიციური ექიმი არ ნიშნავს ამოსავალ წერტილს, რადგან სისტემა არის გაუმართავი.

„რაც შეეხება საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლის სტატისტიკას, არის თუ არა მაჩვენებელი? ირიბად არის, მინიმუმ პაციენტის კმაყოფილებისა და ნდობის მაჩვენებელი. ძირითადი მიზეზები, რის გამოც ჩვენი მოქალქეები ცდილობენ, საზღვარგარეთ იმკურნალონ, არის ონკოლოგიური პათოლოგია, სადაც საერთოდ გაუვალი ტყეა ინფორმაციის თვალსაზრისით. იქ არის მორფოლოგიის, რადიოლოგის პრობლემები, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის მთავარი პრობლემა - მარკეტინგის იმედად გვყავს დატოვებული ჩვენი მოქალაქეები“ - აღნიშნავს კალოიანი.

მისი თქმით, თუ მოქალაქეს ადგილობრივი ლაბორატორიული კვლევების სანდოობა ექნება, აღარ მოუწევს სარისკო ნაბიჯების გადადგმა.

„როცა მოქალაქე ინფორმირებულია და ზუსტად იცის ლაბორატორიის შედეგები, რომელსაც ხარისხის თვალსაზრისით მაღალი სანდოობა აქვს, მას აღარ მოუწევს სარისკო ნაბიჯებზე წასვლა. ძალიან ხშირად ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან შარლატანების ხელში და შემდეგ უკვე გაცილებით რთული მდგომარეობით უწევთ უკან დაბრუნება. მაგალითად, ამჟამად ჩვენს განყოფილებაში 2 პაციენტია, რომელიც წავიდა საზღვარგარეთ, დიდი რესურსი დაკარგა და გაცილებით ცუდ მდგომარეობაში ისევ ჩვენთან დაბრუნდა“ - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“.

ეკა დარჩიაშვილი