ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა „მტკვარი ჰესის“ პროექტი გაყიდა - ირაკლი აბესაძე

მმართველი პარტიის, ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა „მტკვარი ჰესი“ გაყიდა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ირაკლი აბესაძე წერს. მისი ინფორმაციით, „მტკვარი ჰესის“ მშენებლობაზე 236 მლნ დოლარი უნდა დახარჯულიყო.

„ივანიშვილის ვარაუდით, მისი ფული გაიფლანგა და ჰესის მშენებლობის საკითხს პროკურატურა სწავლობს. ფასი გასაიდუმლოებულია, მაგრამ აშკარაა, რომ ივანიშვილი რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს „გააქეშებს”. რატომ ყიდის ივანიშვილი მომგებიან ბიზნესს, ასევე ქონებას, რომელსაც ათწლეულები აგროვებდა?! აშკარაა, რომ არჩევნებზე ივანიშვილი ყველანაირ ბინძურ მეთოდს გამოიყენებს, მის მორჩილებაში მყოფ სტრუქტურებს ბევრ დანაშაულს ჩაადენინებს და ყველაფრის ფასად ეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, თუმცა, როგორც ჩანს, თავისთვის მაინც აქვს გონებაში გეგმა „ბ” - ჰოდა წასვლისას ქეში ჯობია, ჰესს ვერ წაიღებ.. აი, დანაშაულის ჩამდენ ჩინოვნიკებს და კრიმინალებს ნამდვილად აღარავინ ეყოლება „მიმხედავი”“, - წერს ირაკლი აბესაძე.

ამასთანავე, როგორც აბესაძე წერს, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო პერიოდში უკვე გაყიდა: ლაგუნა ვერე და აბრეშუმის ფაბრიკა, ძველი იპოდრომის ტერიტორია, მშენებლობა გაბრიელ სალოსის გამზირზე, მიწის ნაკვეთი ეროვნული ბანკის საცავის მიმდებარედ და ჩაქვში მიწის ნაკვეთები.

შეგახსენებთ, რომ „მტკვარი ჰესის“ მშენებლობა ჯერ კიდევ 2009 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო. პროექტი საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა 2014 წელს 100%-ით შეისყიდა. ფონდმა საზოგადოებას „მტკვარი ჰესის“ საინვესტიციო პროექტი 2016 წელს წარუდგინა. მაშინ პროექტის ავტორები აცხადებდნენ, რომ ჰესის დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ იქნებოდა, საშუალო წლიური გამომუშავება კი 251.5 მლნ. კვტ.სთ.-ს გაუტოლდებოდა. ჰესი სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში, მდ. მტკვარზე უნდა აშენებულიყო. პროექტის თავდაპირველი ღირებულება 131 მლნ დოლარი უნდა ყოფილიყო, თუმცა საბოლოოდ ფასი 100 მლნ-ზე მეტით, 236 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს გიორგი ბაჩიაშვილს კრიპტოვალუტის მითვისებაში ადანაშაულებს. კიდევ ერთი საქმე, რომელიც მის წინააღმდეგ არის აღძრული სწორედ „მტკვარი ჰესის“ პროექტს უკავშირდება. გასულ წელს ივანიშვილის უფლებადამცველი აცხადებდა, რომ არსებობს ეჭვები, რომ ბაჩიაშვილმა ჰესის მშენებლობის პროცესში მართლსაწინააღმდეგოდ დიდი ოდენობით ფულადი თანხები მიითვისა. ადვოკატი საუბრობდა 2015 წლიდან მოყოლებული ბაჩიაშვილის მიერ საეჭვოდ ბევრი უძრავ-მოძრავი ქონების შეძენაზეც.

მერი ტაბატაძე