თბილისში პარკირებაზე წელს 8 მლნ ლარზე მეტის ჯარიმა უკვე დაწერილია

თბილისში პარკირებაზე 6 თვეში გამოწერილმა ჯარიმებმა 8 მლნ ლარს გადააჭარბა.

უფრო კონკრეტულად, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2024 წლის იანვარ-ივნისში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 8 227 756 ლარი შევიდა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში - 7 835 964 ლარი.

ბიუჯეტის მონაცემების მიხედვით, მხოლოდ ერთ თვეში, ივნისში, 1.2 მლნ ლარზე მეტის ჯარიმაა გამოწერილი. მაისში კი, როდესაც დედაქალაქის მერიის განმარტებით, პარკირების თანამშრომლები გადამზადებას გადიოდნენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სამსახურებრივ მოვალეობას ვერ ასრულებდნენ, ჯარიმების მოცულობამ 1 მლნ ლარს მაინც გადააჭარბა.

ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობაც. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-ივნისში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ბიუჯეტში 106. 252 მლნ ლარი შევიდა, წინა წლის 6 თვეში - 103.650 მლნ ლარი.

ცნობისთვის, 2022 წლის შემოდგომიდან პარკირების წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა, ნაცვლად 10 ლარისა, 50 ლარი გახდა.

ნინი ქეთელაური