რამდენი ავტომობილი ფიქსირდება 1000 მოსახლეზე ევროკავშირში - Eurostat-ის ახალი სტატისტიკა

ევროკავშირში 1000 მოსახლეზე, საშუალოდ, 560 მსუბუქი ავტომობილი ფიქსირდება. ამის შესახებ ევროკავშირის ავტომობილიზაციის დონის შესახებ Eurostat-ის მიერ წელს განახლებულ მონაცემებში წერია, რომელიც 2022 წლის სტატისტიკას ასახავს.

კერძოდ, ავტომობილიზაციის ყველაზე მაღალი დონე იტალიაში დაფიქსირდა, სადაც 1000 მოსახლეზე 684 მანქანამ შეადგინა. მეორე ადგილზე 678 ავტომობილით ლუქსემბურგი, მესამეზე ფინეთია (661), ხოლო პირველ ხუთეულს კვიპროსი (658) და ესტონეთი (637) ხურავენ.

1000 ადამიანზე ავტომობილიზაციის დონით ევროკავშირის ქვეყნების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • იტალია - 684 ავტომობილი
  • ლუქსემბურგი - 678
  • ფინეთი - 661
  • კვიპროსი - 658
  • ესტონეთი - 637
  • მალტა - 602
  • ჩეხეთი - 598
  • ლიეტუვა - 589
  • გერმანია - 585
  • სლოვენია - 573

პოლონეთში 1000 ადამიანზე 572 ავტომობილი, საფრანგეთში 571, საბერძნეთში 543, ბელგიაში 508, შვედეთში კი 473 ფიქსირდება.

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ლატვიაშია, სადაც 1000 მოსახლეზე 414 ავტომობილს შეადგენს. მას რუმინეთი (417) და უნგრეთი (424) მოსდევს.

Eurostat ავტომობილიზაციის დონის შესახებ ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მონაცემებსაც ავრცელებს, რომელშიც ისლანდია, ნორვეგია, შვეიცარია და ლიხტენშტეინი შედიან. ასევე, წარმოდგენილია იმ ქვეყნების სტატისტიკა, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი აქვთ.

ლიხტენშტეინში 2022 წელს 1000 მოსახლეზე 775, ხოლო ისლანდიაში 749 ავტომობილი დაფიქსირდა. ნორვეგიისა (553) და შვეიცარიის (547) მაჩვენებლები ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან (560) ახლოსაა.

რაც შეეხება ცალკეულ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსი აქვთ, 1000 მოსახლის მსუბუქი ავტომობილებით უზრუნველყოფა მონტენეგროში 369-ს, სერბეთში 344-ს, ალბანეთში 226-ს, ხოლო თურქეთში 169 ავტომობილს შეადგენს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ