ქართული თაფლი აზიის ბაზარზე გავა - „მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს“

საქართველოდან თაფლის ექსპორტი 70%-ით შემცირდა. 2024 წლის იანვარ-ივნისში ქვეყნიდან მხოლოდ 109 ათასი დოლარის ღირებულების ნატურალური თაფლი პროდუქტი გავიდა.

მეფუტკრეთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, რომ შემცირება წელს ძირითადად აკაციის თაფლის მცირე მოსავალმა განაპირობა, რამდენადაც ევროპიდან მოთხოვნა სწორედ ამ სახეობის თაფლზეა. თუმცა ალეკო პაპავას თქმით, მალე დაიწურება ცაცხვის და წაბლის თაფლი, რაც აზიის ბაზარზე გავა.

„წელს გაუმართლა წაბლს და ცაცხვს, რომლის თაფლის კარგ მოსავალს ველოდებით. რადგან მასზე დაინტერესება აზიური ქვეყნებიდან მოდის, ორიენტაციას სწორედ მათზე გავაკეთებთ. სხვათა შორის, შიდა ბაზარზეც გაზრდილია ცაცხვისა და წაბლის თაფლზე მოთხოვნა“ - განაცხადა პაპავამ „ბიზნესპრესნიუსთან“.

ასოციაციის თავმჯდომარემ აკაციის თაფლის მოსავლიანობაზეც ისაუბრა.

„ამჟამად მიმდინარეობს თაფლის დაწურვის პროცესი, მაგრამ კლიმატური პირობების გამო, წელს აკაციის თაფლის მოსავალი ძალიან დაბალი იყო და შესაბამისად, ვერ მოხდა ევროკავშირში ექსპორტზე იმ ოდენობით გატანა, როგორც ეს გეგმაში იყო. ევროკავშირი ჩვენგან სწორედ აკაციის თაფლს ითხოვდა. ამ მიმართულებით ბრენდირებული პარტიები გადის, ოღონდ ძალიან მცირე ოდენობით. მაგალითად, ამჟამად პოლონეთში გასატანად ემზადება სულ 2 ტონა ბრენდირებული თაფლი, რაც ძალიან ცოტაა“, - განაცხადა მან.

ალეკო პაპავას თქმით, მოლაპარაკებები თაფლის აზიის მიმართულებით გატანაზე უკვე მიმდინარეობს და როდესაც მხარეები შეთანხმდებიან, პირველი პარტია თაფლი აზიის მიმართულებით გავა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტზე 40 ტონამდე თაფლი გავიდა, რომლის ღირებულებამაც 366 ათასი დოლარი შეადგინა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში კი თაფლის ექსპორტმა 16 ტონა შეადგინა, რომელიც ღირებულებაც 109 ათასი დოლარი იყო.

5 ქვეყანა, სადაც წელს ყველაზე მეტი თაფლი გავიდა, არის:

  • აშშ - 3.20 ტონა - 34.14 ათასი დოლარის
  • აზერბაიჯანი - 7.70 ტონა - 25.87 ათასი დოლარის
  • ერაყი - 2.99 ტონა - 21.84 ათასი დოლარის
  • იაპონია - 610 კგ - 10.10 ათასი დოლარის
  • ყატარი - 250 კგ - 8.56 ათასი დოლარის
ეკა დარჩიაშვილი