ვის ეკუთვნის „ფემილი კრედიტი“, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 10 ათასი ლარით დააჯარიმა

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფემილი კრედიტი", ეროვნულმა ბანკმა ჯამში 10 000 ლარით დააჯარიმა.

როგორც სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შემოწმების შედეგად გამოვლინდა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისათვის ზღვარს ზემოთ ანგარიშგების წარუდგენლობის 3 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ზემოაღნიშნულ დარღვევაზე სულ - 6,000 ლარს.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ შემოწმების პერიოდში ასევე, დაფიქსირდა, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის/ დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 2 შემთხვევა, რაც ითვალისწინებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაჯარიმებას - 2,000 ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე. ხოლო, ნახსენები დარღვევის 2 შემთხვევისათვის, სულ - 4,000 ლარს.

შედეგად, მიკროსაფინანსოს ჯამურმა ფულადმა სანქციამ 10 000 ლარი შეადგინა.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, შპს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ფემილი კრედიტი" 2016 წელს არის რეგისტრირებული. კომპანიის 25-25%-იანი წილები ეკუთვნით უკრაინის მოქალაქეებს ვიტალი რულევსკის და ვასილ ანტემიიჩუკს, 17-17% ნინო გრძელიძეს და ლია მაღულარიას, ხოლო 16% ვახტანგი ხეცურიანს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დირექტორის პოსტს დიანა ბალხამიშვილი იკავებს.

ნინი ქეთელაური