„გვინდა, ფასებით დავეწიოთ ევროპას, მაგრამ ხარისხი ძალიან დაბალია“ - ტურიზმის სექტორი გამოწვევებზე

„საქართველოში მაღალგანვითარებული ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის შემოდინება არის შემცირებული“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა, ხოლო ჰოტელიერმა მაია მურაჩაშვილმა ივლისის თვეში ჯავშნების შემცირებაზე ისაუბრა, რომელსაც ის თურქეთში დასვენების მკვეთრ გაიაფებას უკავშირებს.

როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ კლარკ რობინსის" აღმასრულებელმა დირექტორმა და გამყვანი ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელმა, მამუკა კელაურაძემ ისაუბრა, თურქეთში ფასები არ შემცირებულა, თუმცა საქართველოსთვის ის კვლავ მთავარ მიმართულებად რჩება.

„ვერ ვიტყოდი, რომ თურქეთს ფასები დაწეული აქვს, სეზონის დასაწყისში საკმაოდ მაღალი ფასები ჰქონდათ. არის ტენდენცია, რომ ტენდენცია კლებისკენ წავიდეს, რადგან სხვა ქვეყნებიდან მათაც აკლიათ ტურისტები, მაგრამ აქ არის მეორე მხარე - ავიაბილეთები თურქეთის მიმართულებით არის საკმაოდ ძვირი, რაც საბოლოოდ აბალანსებს სასტუმროს შედარებით დაბალ ფასებს. საბოლოოდ, თურქეთში წასვლა მაინც უფრო მიმზიდველად გამოიყურება. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც all inclusive მომსახურება ურჩევია. სხვა შემთხვევაში, საკმაოდ კარგი შემოთავაზებებია საბერძნეთსა და კვიპროსზე, სადაც ღამის ცხოვრებას საკმაოდ დიდი ადგილი უკავია“ - განაცხადა კელაურიძემ.

მისი თქმით, თურქეთის გარდა, მოთხოვნა გაზრდილია საბერძნეთის და კვიპროსის მიმართულებითაც.

„ის, რომ თურქეთი ლიდერია, გასაკვირი ამაში არაფერია, ამავდროულად საბერძნეთზეა დიდი მოთხოვნა და კვიპროსზე. აზიის მიმართულებით ზაფხულში არ არის დიდი მოთხოვნა, რადგან წვიმების სეზონია.

საკმაოდ ხშირია ავტობუსით ტურები ბულგარეთის, საბერძნეთის მიმართულებით“ - აცხადებს ის.

მამუკა კელაურიძე იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც საქართველოდან ტურისტები თურქეთის კურორტებს ირჩევენ.

„თურქეთზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მატულობს და ეს ნეგატიურად აისახება ჩვენს ბაზარზე. მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ბრალია, როდესაც არაადექვატური ფასები გვაქვს სასტუმროებსა და კვების ობიექტებში და ფასებით გვინდა, რომ დავეწიოთ ევროპას, მაგრამ ხარისხი ძალიან დაბალია. ის უცხოელი ტურისტიც მიხვდება, რომ გაცილებით იაფი ჯდება თურქეთში დასვენება გაცილებით მაღალ ხარისხად და რა თქმა უნდა, იქ წავა. აქ კიდევ ერთი პრობლემაა, რას ვთავაზობთ უცხოელს, რომელიც ჩამოდის საქართველოში? ნაკრძალები, გამოქვაბულები, ისტორიული ძეგლები კარგი გვაქვს, მაგრამ ამის გარდა მათ ვერაფერს ვთავაზობთ და ეს არის ყველაზე ცუდი“, - განაცხადა კელაურიძემ.

ეკა დარჩიაშვილი