Google ჭკვიანი სათვალის გამოშვებას Ray-Ban-თან პარტნიორობით განიხილავს

Google ბრენდ Ray-Ban-ის მფლობელ კომპანია EssilorLuxottica-სთან Gemini-ის ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ჭკვიანი სათვალის ერთობლივი წარმოების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ინფორმაციას The Verge წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, ახლახან IT-გიგანტის წარმომადგენლებმა ასეთი წინადადებით მიმართეს EssilorLuxottica-ს მენეჯმენტს, რომელიც სათვალის ბრენდებს, Oakley-სა და Persol-საც ფლობს, ასევე, მათ მოდის სახლებისთვის, Versace-ისთვის, Prada-სთვის, Ralph Lauren-ისთვის, Armani-სა და Dolce & Gabbana-სთვის აწარმოებს.

გამოცემის შეფასებით, Google შესაძლოა, Meta-ს პარტნიორის გადაბირებას ცდილობდეს, რომელმაც 2021 წელს ჭკვიანი სათვალე, Ray-Ban Stories გამოუშვა. ის ფოტოებისა და ვიდეოების გადასაღები კამერით, ხოლო მუსიკისა და ზარების მოსასმენად მიკროფონითა და დინამიკებით არის აღჭურვილი.

2023 წლის სექტემბერში ცუკერბერგის კომპანიამ Ray-Ban-თან თანამშრომლობით შექმნილი ჭკვიანი სათვალეების განახლებული ვერსია წარადგინა. წინამორბედისგან მთავარი განსხვავება ხელოვნური ინტელექტის, Meta AI-ის ინტეგრაცია იყო. მისი დახმარებით სათვალის მფლობელს შეუძლია, მოწყობილობა აკონტროლოს და ჩატბოტს კითხვები დაუსვას.

ამჟამად Meta ცდილობს, EssilorLuxottica-სთან პარტნიორობა გააძლიეროს და მასში რამდენიმე მილიარდი ევროს ინვესტიციას EssilorLuxottica-ს აქციების, დაახლოებით, 5%-ის წილის სანაცვლოდ განიხილავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ