რომელი მარკეტები გახდებიან „სურსათის ბანკის“ შემომწირველები - „მუშაობას  დისტრიბუტორებთანაც დავიწყებთ“

სურსათის ბანკში ჩართვის ინტერესი ამ ეტაპზე ქართულ ბაზარზე მოქმედმა რამდენიმე სუპერმარკეტმა უკვე გამოთქვა. საუბარია, „გუდვილზე“, „აგროჰაბზე“, „სპარზე“ „კარფურსა“ და „გვირილაზე“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ პროექტის მენეჯერმა, სოფიო თვარაძემ განაცხადა.

როგორც თვარაძე აღნიშნავს, სურსათის ბანკის პროექტში ჩართვისთვის დისტრიბუტორებთანაც მიმდინარეობს მუშაობა.

„ჯერჯერობით ესენი არიან მზად, ითანამშრომლონ ჩვენთან და შემოგვწირონ სურსათი. გვინდა დავიწყოთ დისტრიბუტორებთანაც მუშაობა, რადგან მათ შემოაქვთ პროდუქცია მარკეტებში და ვადას რომ უახლოვდება და გასატანია, ისევ მათი პასუხისმგებლობაა. უდიდესი ნაწილი პროდუქციის მათ მიერ არის შეტანილი სუპერმარკეტებში და მცირე წილია ის, რასაც მარკეტები უკეთებენ იმპორტს. თანამშრომლობაზე მოდიან სუპერმარკეტები, მაგრამ დისტრიბუტორებთანაც გვინდა საქმიანი ურთიერთობა და კოორდინაცია“, - განაცხადა სოფიო თვარაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით საქართველოში პირველი სასურსათო ბანკი იქმნება. აღნიშნული ბანკი პროექტის „მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით” ფარგლებში იქმნება.

პროექტი ითვალისწინებს მოწყვლადი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, ჭარბი სურსათის გადანაწილებას. პროექტის პირველი საპილოტე პროგრამა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება. სურსათის ბანკის ცენტრალური საწყობი თბილისში მოეწყობა, საიდანაც პროდუქტი შემდეგ წყალტუბოში გადანაწილდება. „ბიზნესპრესნიუსი“ წერდა, რომ დაგეგმილია დაახლოებით 1000 შეჭირვებული პირის დახმარება.

რაც შეეხება ვადებს, კანონქვემდებარე აქტები 2025 წლის იანვარში სრულად შემუშავდება და 2025 წლის დასაწყისიდან პროექტი ძალაში შევა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის შეჭირვებულ პირებს კი სურსათს 2025 წლის დასაწყისიდან 2026 წლის მაისამდე მიაწოდებენ.

მერი ტაბატაძე