ორგანიზაცია Gnomon Wise-მა პუბლიკაცია გამოაქვყნა, რომელიც საქართველოში ზოგადი განათლების გამოწვევებისა და პრობლემების აღწერასა და ანალიზს მოიცავს. პუბლიკაცია ყურადღებას ამახვილებს ასევე პრობლემების მოგვარებისთვის საჭირო ცვლილებებზე და ზოგადი განათლების სისტემის რეფორმირების ძირითად მიმართულებებზე.
კვლევით პუბლიკაციაში სისტემის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად პედაგოგების არაკვალიფიციურობა სახელდება.
„განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს განათლების მიწოდებაში ჩართული ადამიანური რესურსი. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული პედაგოგების რაოდენობა 63.7 ათასს შეადგენს, რაც მთლიანად დაქირავებით დასაქმებულთა 6.9%-ია. მასწავლებელთა 90.5% კი საჯარო სკოლაშია დასაქმებული. ამასთან, ეკონომიკის სექტორების მიხედვით, ყველაზე დაბალანაზღაურებადი განათლების სფეროა, სადაც, 2022 წელს, მედიანური თვიური ხელფასი 747 ლარი იყო, როცა მთლიანი მედიანური ხელფასი 1 040 ლარს შეადგენდა. სხვა სიტყვებით, მომავალი თაობის აღზრდა ერთ-ერთ ყველაზე დაბალანაზღაურებად პროფესიად არის ჩამოყალიბებული, რაც ბარიერს ქმნის ამ სექტორში მაღალკვალიფიციური კადრების შემოდინების გზაზე.
დიდი გამოწვევაა დასაქმებული მასწავლებლების კვალიფიციურობაც. 2010 წლიდან დანერგილ საკვალიფიკაციო გამოცდებზე გასულ მასწავლებელთა უდიდესი ნაწილი ვერ აკმაყოფილებს კომპეტენციის მინიმალურ ზღვარს თავის საგანში. მაგალითად, პირველივე წელს მინიმალური ზღვარი გამოცდაზე გასული მასწავლებლების მხოლოდ 11%-მა გადალახა. მიუხედავად ამისა, ისინი სასკოლო განათლების მიწოდებას განაგრძობენ, რადგან სექტორი ახალ დაკვალიფიციურ კადრებს იზიდავს.
შედეგად, ბავშვებს არა მხოლოდ დაბალანაზღაურებადი, არამედ, უმეტესწილად, დაბალკვალიფიციური მასწავლებლები ასწავლიან. ამ მძიმე სიტუაციის ირიბი დასტურია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა, რომლის თანახმად, საქართველოში ზოგადი განათლების სექტორი კვალიფიციური ახალგაზრდებისთვის ნაკლებად მიმზიდველია ამიტომ მასწავლებლის საშუალო ასაკი საქართველოში არის 50.4 წელი, როცა კვლევაში მონაწილე ქვეყნების საშუალო დონე 43.4 წელია. უფრო მეტიც, 2013 წლიდან, მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.