USAID-ისა და ევროკავშირის ოფიციალური პირები ადგილობრივი ბიზნესების მხარდასაჭერად რეგიონებში იმყოფბოდნენ

ჯუნიპერ ნილი, USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში და ნიკოლას სენდეროვიჩი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელი იმერეთსა და შიდა ქართლს ეწვივნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგელობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯუნიპერ ნილი და ნიკოლას სენდეროვიჩი შეხვდნენ საზოგადოების წევრებს, რომლებთანაც შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ხანგრძლივ პარტნიორობასა და განვითარებაზე ისაუბრეს.

მათ ასევე, ისაუბრეს იმ პროგრამებზე, რომლებიც საქართველოს უსაფრთხოების, კეთილდღეობის, დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლას უწყობს ხელს.

ორდღიანი მოგზაურობის დროს, ჯუნიპერ ნილი და ნიკოლას სენდეროვიჩი USAID-ის და ევროკავშირის მხარდაჭერილ ბიზნესებსა და ორგანიზაციებს შეხვდნენ; მათ შორის კონფლიქტით დაზარალებულ სოფლებში მცხოვრებ მეწარმე ქალებს; მოცვის მწარმოებლებს, რომლებიც თავიანთი პროდუქციის ექსპორტს ევროკავშირში ახორციელებენ; ჟურნალისტებს, რომლებიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებს აშუქებენ; დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრს ქუთაისში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ხელს უწყობენ სრულყოფილად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს და ახალგაზრდებს, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ქვეყნის დემოკრატიის გაძლიერებაში. შეხვედრებზე ისაუბრეს იმ დადებით მხარეებზე, რაც ევროატლანტიკურ ინტეგრაციას მოაქვს საქართველოსთვის. ისაუბრეს როგორც USAID-ისა და ევროკავშირის მხარდაჭერაზე, რომელიც უკვე დადებითად აისახა საქართველოს მოსახლეობაზე, ასევე აშშ-ს და ევროკავშირის მომავალ ეფექტიან პარტნიორობაზე საქართველოს მოსახლეობასთან. ვიზიტის დროს აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დემოკრატიულ ქვეყნებში აქტიური სამოქალაქო საზოგადოების არსებობა, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც სამოქალაქო საზოგადოების მრავალი ორგანიზაცია, დონორების, მათ შორის აშშ-ს და ევროკავშირის მხარდაჭერით, სხვადასხვა სერვისებს აწვდიან საქართველოს ყველაზე მოწყვლად მოსახლეობას.

“USAID მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან და გვერდში ედგა მოსახლეობას თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყნის შექმნაში. სასიამოვნო იყო, ევროკავშირის კოლეგასთან ერთად იმერეთისა და შიდა ქართლის მონახულება. ამ ვიზიტისას საშუალება გვქონდა გავსაუბრებოდით იმ მოტივირებულ ადამიანებს, ვისაც თავის შრომითწვლილი შეაქვს ადგილობრივი თემების ცხოვრების გაუმჯობესებაში. სასიამოვნოა USAID-ის პროგრამების მიერ მიღწეული დადებით შედეგების პირადად ხილვა“, - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში ჯუნიპერ ნილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელის, ნიკოლას სენდეროვიჩის განაცხადებით, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მოსახლეობას ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე.

„შთამაგონებელი იყო საქართველოს რეგიონებში USAID-ის პარტნიორებთან ერთად მოგზაურობა და იმ დადებითი შედეგების პირადად ხილვა, რაც ჩვენს მხარდაჭერას მოაქვს. ვიზიტის დროს შევხვდით სხვადასხვა ჯგუფებს და შესანიშნავი იყო იმის ნახვა, თუ როგორ შეცვალა ჩვენმა მხარდაჭერამ ამ ადამიანების ცხოვრება. თემის ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და პროგრამების ბენეფიციარებთან შეხვედრებმა განამტკიცა ჩვენი ვალდებულება ხელი შევუწყოთ შესაძლებლობებს და მდგრად განვითარებას. ეს ერთობლივი ვიზიტი დასტურია ჩვენს საერთო სურვილის - საქართველო იყოს აყვავებული, დემოკრატიული და ინკლუზიური ქვეყანა. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს მოქალაქეების, ბიზნესებისა და იმ სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას, ვინც ისწრაფვის ჰქონდეს ნათელი მომავალი“, - განაცხადა ნიკოლას სენდეროვიჩმა.