წელს ქართული ღვინის 71% რუსეთში გავიდა - როგორია ექსპორტის მაჩვენებელი

საქართველოდან ღვინის ექსპორტი იზრდება. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2024 წლის მეორე კვარტალის მდგომარეობით (იანვარ-ივნისი) საქართველოდან მსოფლიოს 61 ქვეყანაში ექსპორტირებულია 54.376 ტონა, 156.066 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა - 26%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 24% შეადგინა. კერძოდ, შარშან ქვეყნიდან 125.713 მილიონი დოლარის ღირებულების 43.339 ტონა ღვინო გავიდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყველაზე დიდი ოდენობით ქართული ღვინო რუსეთში გაიყიდა, სადაც მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 111.1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, მოცულობა კი 40.826 ტონა იყო.

შემდეგ მოდის პოლონეთი, სადაც 7.834 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების 3.117 ტონა ღვინო გავიდა ექსპორტზე.

მესამე ადგილზეა უკრაინა, 6.092 მლნ დოლარის ღირებულების 2.209 ტონით. შემდეგ მოჰყვება ყაზახეთი, სადაც წელს 5.016 მილიონი დოლარის ღირებულების 1.560 ტონა ნატურალური ღვინო გავიდა. ხუთეულში შედის ბელარუსი ექსპორტის 3.962 მილიონ აშშ დოლარის ღირებულებით და 1.42 მილიონი ლიტრი ღვინით.

ამასთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მსოფლიოს 45 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23,4 ტონა სპირტიანი სასმელები, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 55% შეადგინა. სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან შემოსავლების სახით მიღებულია 132,8 მლნ-მდე აშშ დოლარი (ზრდა 59%).

ნათია ზარიძე