საფრანგეთმა საქართველოსთვის 2012 წლიდან 945 მლნ ევროს ფინანსური მხარდაჭერა განახორციელა - რა გაკეთდა

2012 წლიდან საფრანგეთის მიერ საქართველოსთვის გაწეული საბიუჯეტო და ფინანსური მხარდაჭერა 945 მლნ ევროს შეადგენდა. ინფორმაციას საფრანგეთის საელჩო საქართველოში აქვეყნებს. ამავე ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან გრანტი 35 მლნ ევროს შეადგენდა, კერძო სექტორში გაცემული სესხები 185 მლნ ევროს, ხოლო საბიუჯეტო სესხი 724 მლნ ევროს.

აღსანიშნავია ისიც, რომ თანხის უდიდესი ნაწილი, 415 მლნ ევრო ენერგეტიკის სექტორში იქნა მიმართული, 201 მლნ ევრო სოციალური დაცვის ნაწილში, ხოლო კერძო სექტორში 185 მლნ ევრო.

ამასთანავე, 96 მლნ ევრო დაიხარჯა სასმელი წყლისა და წყალარინებისთვის, კერძოდ, პროგრამის ფარგლებში ხაშურში 44 000 მოსახლის სასმელი წყლით მომარაგება განხორციელდა.

სარწყავი სისტემების უზრუნველყოფისთვის 49 მლნ ევრო გამოყო. პროგრამის ფარგლებში ზემო სამგორში 30 000 ჰა სოფლის მეურნეობის სარწყავი სისტემის მოწყობა განხორციელდა.

ცნობისთვის, საფრანგეთის ელჩმა საქართველოში გასულ კვირას განაცხადა, რომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, დროებით შეაჩეროს საქართველოს ბიუჯეტის პირდაპირი მხარდაჭერა.

ამის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ საქართველოს საფრანგეთისგან პირდაპირი საბიუჯეტო დახმარება არ მიუღია. საპასუხოდ საფრანგეთის საელჩომ გაწეული ფინანსური დახმარების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

მერი ტაბატაძე