ბერლინსა და ვარშავას შორის გერმანული FlixTrain იმოძრავებს

გერმანული კომპანია, Flix მომავალი წლიდან ვარშავა-ბერლინის მატარებელ FlixTrain-ის გაშვებას გეგმავს. ინფორმაციას portalkolejowy.pl ავრცელებს.

მატარებელი ვარშავა-პოზნანი-ბერლინის მარშრუტზე დღეში ორჯერ იმოძრავებს. ბილეთების შეძენა ქვეყნებს შორის, ანუ საერთაშორისო მგზავრობისთვის არის შესაძლებელი და, მაგალითად, ვარშავიდან პოზნანში ჩასვლას მგზავრი ვერ შეძლებს. ბილეთები მხოლოდ ვარშავა-ბერლინის ან პოზნანი-ბერლინის რეისებზე გაიყიდება.

განრიგის მიხედვით, მატარებელი ვარშავიდან დღეში ორჯერ, ადგილობრივი დროით 8:03-სა და 16:03 საათზე, ბერლინიდან კი 8:52-სა და 14:52 სთ-ზე გავა. საწყისი სადგური "Warszawa Wschodnia," შემდეგი "Warszawa Centralna," "Warszawa Zachodnia" და "Poznań Główny," ხოლო ბოლო სადგური "Berlin Hauptbahnhof" იქნება.

მატარებლის გაშვება 2025 წლის 14 დეკემბრიდან იგეგმება და რეისზე 5 წლის განმავლობაში, 2030 წლის ბოლომდე იმოძრავებს.

საბოლოო გადაწყვეტილება გერმანიის სარკინიგზო ტრანსპორტის სამმართველომ უნდა მიიღოს, რომლესაც კომპანია Flix-მა სარკინიგზო სერვისის გაფართოებაზე ოფიციალური განაცხადი ახლახან წარუდგინა.

FlixTrain-ის გაშვებამდე კომპანია ავტობუს FlixBus-ების ფართო ქსელით არის ცნობილი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ