„საქართველოში წყლის დონე იკლებს - ტბორებისთვის მრიცხველები დაყენდება“ - დავით ნარმანია

„გარკვეული ჯგუფებისთვის, ტბორებისთვის მრიცხველები დაყენდება,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში "საქმე" ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

„სიახლეს არავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ქვეყანაში წყლის დონე იკლებს, აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია წყლის რესურსების რაციონალური და გეგმაზომიერი ხარჯვა.

მას შემდეგ, რაც სემეკს დაემატა მეოთხე სექტორის რეგულირების ფუნქცია მელიორაციის სახით, ჩვენ დავიწყეთ აქტიური თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროსთან, რომლის მართვის ქვეშ არის მელიორაცია. შემუშავდა რამდენიმე მნიშვნელოვანი მარეგულირებელი ნორმა, მათ შორის საირიგაციო წყლის მოხმარების წესები, სადაც დეტალურად არის გაწერილი ყველა ის ნორმა, რომელიც ადრე ცალ-ცალკე დოკუმენტებში იყო გაბნეული. ამ ყველაფერს მივეცით ერთი წესის სახე და მართვის ახალ ეტაპზე გადავედით,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, გარკვეული ჯგუფებისთვის წყლის მრიცხველები დაყენდება და სწორედ ასე მოხდება წყლის აღრიცხვა.

„ძალიან დიდი რესურსი იდება სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მხრიდან მელიორაციის ქსელების მოწესრიგებაში, რაც იმას ნიშნავს წყლის კარგვა მცირდება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეტაპობრივად აღრიცხვის სისტემები დაინერგოს. მართალია, მელიორაციაში ეს ძალიან რთულია, მაგრამ გარკვეული ჯგუფებისთვის, ტბორებისთვის მრიცხველები დაყენდება, ეს იქნება ერთ-ერთი საშუალება, რომ მოხდეს წყლის აღრიცხვა. თუ ეს ყველაფერი სისტემაში არ მოექცევა, არიან ჯგუფები, რომლებიც წყალს ვერ იღებენ და ეს არ არის სწორი,“ - აცხადებს დავით ნარმანია.

როგორც ის ამბობს, გამრიცხველიანება ეტაპობრივად 10 წლის განმავლობაში მოხდება.

დავით ნარმანიას თქმით, წინასწარ შედგება რეჟიმები თუ როდის, სად და რა მოცულობის წყლის მიწოდება მოხდება სხვადასხვა ნაგებობებზე, ანუ ფერმერმა ან ფიზიკურმა პირმა უნდა იცოდეს წინასწარ, როდის იქნება მის სისტემაში წყალი. პასუხისმგებლობა კი ამაზე მელიორაციას დაეკისრება.

„ეს სისტემა წყლის დანაკარგების შემცირებისკენ იქნება მიმართული და არა წყლის რაოდენობის გაზრდისკენ. წყლის მოცულობა იგივე დარჩება, შეიცვლება მხოლოდ მისი მოხმარების წესები. სადაც ტექნიკურად შესაძლებელია მრიცხველების დაყენება, ერთი მომხმარებლის მიერ წყლის მოცულობის მოხმარება შემცირდება და ყველა, ვისაც სჭირდება წყალს ამ გზით მიიღებს“ - აცხადებს დავით ნარმანია.

ეკა დარჩიაშვილი