გელათის სამონასტრო კომპლექსში რესტავრაცია-რეაბილიტაცია წლებია მიმდინარეობს, პროცესები დღემდე გრძელდება. 2023 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებდა.
2024 წლის მარტში საერთაშორისო სპეციალისტების მორიგი ჯგუფი იმყოფებოდა. სპეციალისტებმა გამოავლინეს 21 კრიტიკული კერა, რომლის კონსერვაციაც მოხდება და პარალელურად დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.
2 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსი ვიზიტორებისთვის დროებით დაიკეტა. შეზღუდვა 15 აგვისტომდე იმოქმედებს. საქართველოს საპატრიარქოს ცნობით, ტაძარში სტუმრების შეშვება გერმანელი სპეციალისტების მოთხოვნით შეჩერდა, რათა მიმდინარე სამუშაოების გამო, ვიზიტორების უსაფრთხოება დაცული იყოს.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა თანხა დაიხარჯა ამ დრომდე გელათის რესტავრაციაზე. შესაბამისი კითხვით კულტურის სამინისტროს ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში მივმართეთ, თუმცა სამინისტროსთან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.
ცნობისთვის, გელათის რესტავრაციის პროცესებში ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და მსოფლიო ბანკი. მსოფლიო ბანკის ფინანსური დახმარების ფარგლებში სამუშაოები მეტწილად მუნიციპალური განვითარების ფონდმა ჩაატარა. bpn-მა კითხვებით ფონდსა და აშშ-ის საელჩოსაც მიმართა. ფონდში განგვიცხადეს, რომ 2015-2020 წლებში მათი უწყების მიერ 5.3 მლნ ლარი დაიხარჯა. აღნიშნული თანხის უდიდესი ნაწილი, 4.24 მლნ ლარი გამოყოფილი იყო მსოფლიო ბანკის მიერ, დანარჩენი კი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
„ფონდის დაკვეთით განხორციელებული გელათის მონასტრის რეაბილიტაციის და მის მიმდებარედ არსებული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტები: ზემოთ აღნიშნული ჯამური თანხიდან სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება 1 060 001 ლარია, ხოლო მსოფლიო ბანკის 4 240 702 ლარი; აქვე გაცნობებთ, რომ ამ დროისთვის დამტკიცებულ ფონდის პროექტებში არ არის გათვალისწინებული გელათში რაიმე სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება“, - აღნიშნულია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
უფრო კონკრეტულად, ამ პერიოდში გელათში განხორციელებული სამუშაოები და დახარჯული თანხები ასე გადანაწილდა:
რაც შეეხება აშშ-ს, bpn-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გელათის სარეაბილიტაციო სამუშაოების მხარდასაჭერად ჯამში ამ დრომდე გამოყოფილმა ფინანსურმა დახმარებამ 850 ათასი დოლარი შეადგინა. აშშ-ის საელჩოს ცნობით, აღნიშნული თანხით დაფინანსდა დიაგნოსტიკური კვლევები, ფრესკების, მოზაიკებისა და ინტერიერის რესტავრაცია, გადახურვა და ა.შ. რეაბილიტაციის პროცესში სხვადასხვა სამუშაოში ჯერ კიდევ 2003 წლიდან იყო ამერიკა ჩართული.
„ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს პატივი, ხელი შეუწყოს საქართველოს მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღდგენას. პროექტის ფარგლებში გვაქვს მიმდინარე გრანტები ბათუმის მახლობლად პეტრას ციხისა და ზუგდიდში, დადიანების სასახლის აღდგენითი სამუშაოების მხარდასაჭერად“, - განუცხადეს bpn-ს საელჩოში.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, უშუალოდ კულტურისა და სპორტის სამინისტროსგან, რომელიც გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო სამუშაოებს კურირებდა, დახარჯული თანხის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია. იმ შემთხვევაში, თუ თეა წულუკიანის უწყება აღნიშნულ მონაცემებს მოგვაწვდის, „ბიზნესპრესნიუსი“ მკითხველს ამ ინფორმაციასაც მიაწვდის.