30 მბ/წმ ინტერნეტის ფასი 33.6 ლარზე ნაკლები უნდა იყოს - სტრატეგიის მიზნები

საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების 2020-2025 წლების ეროვნულ სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში ცვლილებები შევიდა. სტრატეგიას დაემატა ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს გაეროს ფართოზოლოვანი კომისიის მიზნები, რაც გულისხმობს საწყისი 30 მბ/წმ სიჩქარის ინტერნეტის ღირებულება ერთ სულ მოსახლეზე ყოველთვიური ეროვნული შემოსავლის 2%-ზე ნაკლებ ნიშნულამდე შემცირებას.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, დაახლოებით რა თანხაზეა საუბარი. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 20 162 ლარს შეადგენდა (თვიურად დაახლოებით 1 680 ლარი). გამოდის, რომ სტრატეგიის თანახმად, საქართველოს მიზანია, 30 მბ/წმ სიჩქარის ინტერნეტის ფასი 33.6 ლარზე ნაკლები იყოს.

რაც შეეხება საქართველოში მოქმედი კომპანიების ფასებს, „მაგთიკომის“ საწყისი ინტერნეტ სიჩქარე 50 მბ/წმ-ს შეადგენს და ფასი თბილისში 37 ლარს უტოლდება. „სილქნეტის“ შემთხვევაში საწყისია 45 მბ/წმ სიჩქარე და ღირებულება 35 ლარია.

ამასთანავე განკარგულებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლისთვის 100 მბ/წმ+ ფიზიკურად და ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს საქართველოს მასშტაბით.

სტრატეგიის სამი ძირითადი ამოცანა უცვლელი დარჩა: კონკურენტული ზეწოლა, ინვესტიციების მოზიდვა, ციფრული უნარებისა და მოთხოვნების განვითარება საქართველოს მასშტაბით.

ამასთანავე, უცვლელი დარჩა 2025 წლისთვის სამიზნე მაჩვენებლები:

  • 4G კავშირი საქართველოს ტერიტორიის 99%-ზე;
  • 5G სერვისის პილოტირება მინიმუმ 3 მუნიციპალიტეტში;
  • ყველა ინსტიტუციური სუბიექტისთვის 1 გმ/წმ კავშირზე წვდომა;
  • ყველა შინამეურნეობისთვის მაღალსიჩქარიანი 100 მბ/წმ+ ფართოზოლოვან ქსელზე წვდომა.

სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ სამიზნე მაჩვენებლები „ამბიციურია“, თუმცა შესაბამისი რეფორმებისა და ინვესტიციების განხორციელებით მიღწევადია. ამასთანავე, ვკითხულობთ, რომ ჩამოთვლილი მიზნების მიღწევით გაიზრდება საქართველოს კონკურენტუნარიანობა გლობალურ ციფრულ ეკონომიკაში.

„გაიზრდება მომდევნო წლებში ისეთი მიმართულებებით სარგებლობა, როგორებიცაა 5G ტექნოლოგიების დანერგვა და ქსელით სარგებლობის ხარჯების შემცირება გაცილებით ეფექტიანი ინფრასტრუქტურის განვითარებით”, - ვკითხულობთ განკარგულებაში.

მერი ტაბატაძე