საქართველოს ეროვნული ბანკის გახსნიდან 104 წელი გავიდა

საქართველოს სახელმწიფო ბანკი 104 წლისაა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 1920 წლის 24 ივლისს საქმიანობას შეუდგა. მისი მმართველი იასონ ლორთქიფანიძე იყო.

„ეროვნული ბანკის დაარსების საკითხი დღის წესრიგში ჯერ კიდევ 1918 წლის 28 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 2 დღის შემდეგ დადგა. კანონი „სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ“ დამფუძნებელმა კრებამ 1919 წლის 31 დეკემბერს მიიღო, თუმცა სახელმწიფო ბანკი, მთავრობის მიერ კანონის მიღებიდან 7 თვის დაგვიანებით, 1920 წლის 24 ივლისს გაიხსნა“, - აღნიშნულია სებ-ის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 2019 წელს ეროვნულმა ბანკმა პირველი ცენტრალური ბანკის დაარსების საუკუნოვან იუბილეს საკოლექციო მონეტა მიუძღვნა. 2022 წელს კი, სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის ხელნაწერი გააციფრულა.

„სებ-ის ინიციატივითა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, წელს თბილისში, ანტონ ფურცელაძის N12-ში, იასონ ლორთქიფანიძის მემორიალური დაფა გაიხსნა. საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს კი მისი სახელი მიენიჭა“, - აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

მერი ტაბატაძე