„შესაძლოა, შეფერხებები გვქონდეს“ - რა გავლენა ექნება ე.წ გამჭვირვალობის შესახებ კანონს სურსათის ბანკზე

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონს სურსათის ბანკზე, რთულია ამის თქმა, თუმცა შესაძლებელია, რომ რაღაც ფორმით გავლენა იქონიოს - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ „მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ პროექტის მენეჯერმა, სოფიო თვარაძემ განაცხადა.

თვარაძის თქმით, შესაძლოა, შეფერხდეს პროცესი გარკვეულ ნაწილში ან პროცესები მეტ ბიუროკრატიასთან იყოს დაკავშირებული.

როგორც ცნობილია, საქართველოში პირველი სურსათის ბანკი ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით იქმნება. თავად ევროკავშირი კი აჩერებს პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებას და აძლიერებს მედიის და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.

„რთულია ამის თქმა იმიტომ, რომ ჯერ ეს კანონი არ ამოქმედებულა სრულფასოვნად. ახლა იწყება კანონქვემდებარე აქტების და შემუშავება სრულდება აგვისტოში. მერე უნდა წავიდეს ეს პროცესი იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ დარეგისტრირდება. შესაძლოა, შეფერხებები გვქონდეს ან მეტ ბიუროკრატიასთან გვქონდეს საქმე შედეგად. რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს კანონს, რთულია თქმა, მაგრამ შესაძლებელია, რაიმე ფორმით გავლენა იქონიოს - დადებითი არ მქონია, ალბათ, უფრო უარყოფითი“, - განაცხადა სოფიო თვარაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში პირველი სურსათის ბანკი ევროკავშირის და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით იქმნება. აღნიშნული პროექტის „მდგრადი სასურსათო სისტემის დანერგვა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით” ფარგლებში იქმნება. პროექტი ითვალისწინებს მოწყვლადი მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის მიზნით, ჭარბი სურსათის გადანაწილებას. პროექტის პირველი საპილოტე პროგრამა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში განხორციელდება და 1000-მდე შეჭირვებულ ოჯახს სურსათით დაეხმარება.

რაც შეეხება კანონს, საქართველოს პარლამენტმა საზოგადოებრივი პროტესტისა და პარტნიორების მოწოდების მიუხედავად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს მიიღო. კანონს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 28 მაისს დაძლია.

მერი ტაბატაძე