ჯარიმებით ბიუჯეტის შევსების მაჩვენებელი იზრდება - 6 თვეში საურავებმა 183 მლნ-ს გადააჭარბა

ჯარიმებით ბიუჯეტის შევსების მაჩვენებელი იზრდება. კერძოდ, წლიურად ბიუჯეტში ჯარიმებიდან 14 183 800 ლარით ანუ 8.4%-ით (1,1-ჯერ) მეტი თანხის მობილიზება მოხდა.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 183 472 957 ლარი შევიდა. აქედან, სახელმწიფო ბიუჯეტში - 80 384 652 ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში - 103 088 305 ლარის მობილიზება მოხდა.

რაც შეეხება გასული წლის მონაცემებს, 2023 წლის იანვარ-ივნისში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 169 289 157 ლარის მობილიზება მოხდა. აქედან სახელმწიფო ბიუჯეტში - 72 064 489, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში - 97 224 668 ლარი შევიდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მთლიანად, 2023 წელს ბიუჯეტში ჯარიმებიდან რეკორდული თანხა შევიდა. კერძოდ, გასული წლის განმავლობაში ბიუჯეტში სანქციებიდან, ჯარიმებიდან და საურავებიდან 363 026 239 ლარის აკუმულირება მოხდა. აქედან სახელმწიფო ბიუჯეტში - 155 488 247 ლარი, ხოლო ტერიტორიული ერთეულების ბიუჯეტში - 207 537 992 ლარის მობილიზება მოხდა.

ამასთან, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებმა ჯამში, 17 589 629 358 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, ნაერთი ბიუჯეტი საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების, რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების კონსოლიდირებული ბიუჯეტია, რომელიც არ ექვემდებარება არცერთი ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დამტკიცებას.

თაია არდოტელი