წყალტუბოს სანატორიუმები „იმერეთი“ და „რკინიგზელი“ აუქციონზე გასაყიდად ხელახლა გამოიტანეს

ქონების ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში მდებარე სანატორიუმები - „იმერეთი“ და „რკინიგზელი“ აუქციონზე 22 ივლისს გასაყიდად ხელახლა გამოიტანა. ცნობისთვის, სანატორიუმები აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იყო ივნისშიც, თუმცა გაყიდვა არ შედგა.

სანატორიუმი „იმერეთი“ აუქციონზე 5 135 000 ლარად იყიდება. საინვესტიციო პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე სულ მცირე 120-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოწყობილიყო, რისთვისაც არანაკლებ 9 273 600 ლარის ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო.

აუქციონზე 3 124 500 ლარად გამოიტანეს გასაყიდად სანატორიუმი „რკინიგზელი“. პირობების მიხედვით, ტერიტორიაზე მინიმუმ 80-ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა მოწყობილიყო, რისთვისაც ინვესტიციის ოდენობა 9 373 500 ლარით იყო განსაზღვრული.

შეგახსენებთ, წყალტუბოს კურორტის აღდგენისა და განვითარების კონცეპტუალური გეგმის ფარგლებში, საჭირო ინვესტიციების მოსაზიდად, ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ბიზნეს სექტორს წყალტუბოს 14 ყოფილი სანატორიუმის საპრივატიზებო პაკეტი წარუდგინა, რომელთა ღირებულება 50 მლნ ლარს შეადგენს.

დღეის მდგომარეობით, უკვე პრივატიზებულია ყოფილი სანატორიუმები - „თბილისი“, „მედეა“, „წყალტუბო“, „ივერია“, „სამგურალი“ და „უშიშროება“. გაყიდული ობიექტების ჯამურმა ღირებულებამ 31 257 300 ლარი შეადგინა. ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, დარჩენილი სანატორიუმების პრივატიზების პროცესი გრძელდება.

მერი ტაბატაძე