ფერმერები წელს 50 ათას ტონა თხილს ელოდებიან - როგორი იქნება ფასი

თხილის მწარმოებელთა ასოციაცია, გასულ წელთან შედარებით, უკეთეს მოსავალს ელოდება. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი თოდუამ განაცხადა, წელს თხილის მოსავალი 50 ათას ტონას მიუახლოვდება, რაც წლიურად 30%-იანი ზრდა იქნება.

რაც შეეხება ფასს, თოდუას თქმით, რეალიზაციის სხვადასხვა პერიოდში თხილის ფასმა შესაძლოა, 7-9 ლარსაც მიაღწიოს.

„ფერმერებიც უფრო აქტიურები იყვნენ წელს, ჩატარებულია შეწამვლითი ღონისძიებები, ამინდებიც წელს უკეთესია. ახლა მთავარია, რომ მოსავალი რაც შეიძლება ოპერატიულად ავიღოთ, გავაშროთ და დავასაწყობოთ. მერე, ბუნებრივია, ფერმერები თვითონ მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როდის გაყიდონ. დაახლოებით 50 ათასამდე ტონა თხილს ველოდებით, რაც კარგი მაჩვენებელი იქნება.

ხარისხით იქნება სხვადასხვა - ვინც მოუარა და წამლობები ჩაატარა 4-5-ჯერ მაინც, ხარისხი იქნება პრემიუმი და ფასიც შესაბამის ექნება. დაახლოებით 7-9 ლარი მაინც ეღირება მშრალი თხილი, შეიძლება აგვისტოში არა, მაგრამ მოგვიანებით შესაძლოა, ეს ფასები დაფიქსირდეს“, - აღნიშნა თოდუამ.

ამასთანავე, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ გასულ წელს მიღებული მოსავლის უდიდესი ნაწილი ექსპორტზე გავიდა, ძირითადი საექსპორტო არეალი ევროპის ქვეყნები იყო. მისი თქმით, მცირეა იმ თხილის რაოდენობა, რაც რეალიზაციის გარეშე დასაწყობებული დარჩა ქარხნებში.

მართალია, ამ დროისთვის გურიასა და სამეგრელოში ფერმერებს მასობრივად თხილის მოსავლის აღება არ დაუწყიათ, თუმცა მოსახლეობა მცირე რაოდენობით თხილს უკვე აბარებს. დღეისათვის სამეგრელოში ერთ კილოგრამ თხილს 2.80-3 ლარად იბარებენ.

საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ექსპორტზე გავიდა 25.677 მლნ დოლარის ღირებულების 3.7 ტონა ქართული თხილი. საშუალოდ, 1 კგ-ის საექსპორტო ფასი 6.9 დოლარს შეადგენდა. 2024 წლის ექვს თვეში ქართული თხილის მთავარი საექსპორტო ბაზარი ესპანეთი იყო. უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი ასეთია:

  • ესპანეთი - 5.049 მლნ აშშ დოლარის 672 ტონა;
  • საფრანგეთი - 1.819 მლნ აშშ დოლარის 234 ტონა;
  • იტალია - 1.723 მლნ აშშ დოლარის 249 ტონა;
  • ლიბანი - 1.716 მლნ აშშ დოლარის 237 ტონა;
  • პოლონეთი - 1.403 მლნ აშშ დოლარის 180 ტონა.

ცნობისთვის, თხილის მოსავლის აღებას ფერმერები მასობრივად აგვისტოდან იწყებენ. ჯერჯერობით უცნობია, რა ეღირება მუშახელის დაქირავება.

მერი ტაბატაძე