უნგრეთის პრემიერის ანაზღაურება საშუალო ხელფასზე 9.5-ჯერ მეტია - როგორია ევროპის ლიდერების სახელფასო სარგო

ევროკავშირში უნგრეთის მთავრობის მეთაური, ვიქტორ ორბანი, თავისი ქვეყნის საშუალო მთლიან ხელფასთან შედარებით, ყველაზე მაღალ ხელფასს იღებს. ინფორმაციას პორტალი, VSquare ავრცელებს.

წელს ორბანის თვიური ხელფასი 16,000 ევრომდე გაიზარდა და წელიწადში 191,702 ევრო შეადგინა, რაც უნგრეთის საშუალო თვიურ ხელფასს 9,5-ჯერ აღემატება. ამ მხრივ აბსოლუტური მაჩვენებლით ორბანი ესპანეთის პრემიერზე ორჯერ მეტს, ხოლო ბულგარეთის პრემიერ-მინისტრზე სამჯერ მეტს იღებს.

თავიანთი ქვეყნის საშუალო ხელფასთან შედარებით, ევროკავშირის ყველაზე მაღალანაზღაურებად ლიდერებს შორის მეორე-მესამე ადგილებს სლოვაკეთისა და ჩეხეთის პრემიერები, რობერტ ფიცო და პეტრ ფიალა ინაწილებენ. კერძოდ, ფიცოს ხელფასი ქვეყნის საშუალო ანაზღაურებას 7,6-ჯერ აღემატება, ხოლო პეტრ ფიალა, მართალია, თითქმის, იმდენს გამოიმუშავებს, როგორც ფიცო, მაგრამ საშუალო ჩეხურ ხელფასზე 6,1-ჯერ მეტს იღებს.

თუმცა თავისი ქვეყნის საშუალო ხელფასთან შედარების გარეშე, მხოლოდ ხელფასის ოდენობის მხრივ ვიქტორ ორბანი ევროკავშირში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიდერი არ არის. მასზე მეტს შვიდი ევროპელი მთავრობის მეთაური შოულობს.

კერძოდ, ყველაზე მაღალი ხელფასი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს აქვს, რომელიც წელიწადში 348 300 ევროს, ანუ თვეში, დაახლოებით, 29,000 ევროს იღებს. თუმცა ეს თანხა, გერმანიის სხვა საჯარო მოხელეებთან შედარებით, განსაკუთრებით მაღალი არ არის. მაგალითად, გერმანიის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანიის ხელმძღვანელმა 2022 წელს 2,2 მლნ ევროზე მეტი გამოიმუშავა, რაც კანცლერის ხელფასზე, დაახლოებით, ექვსჯერ მეტია. თუმცა გერმანიის საშუალო ხელფასთან შედარებით, შოლცის ხელფასი 5,9-ჯერ მეტია და ერთ-ერთი ყველაზე არაპროპორციული ანაზღაურებაა ევროკავშირში.

ყველაზე დაბალ ხელფასს ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი იღებს, რაც წელიწადში 67,452 ევროს შეადგენს. ეს ოდენობა ვიქტორ ორბანის ხელფასის, დაახლოებით, მესამედია, თუმცა, ბულგარეთის საშუალო ხელფასთან შედარებით, მაინც მაღალია და 4,8-ჯერ მეტს შეადგენს.

საშუალოსტატისტიკური მოქალაქისა და მთავრობის მეთაურის შემოსავლებს შორის ყველაზე მცირე განსხვავება მალტაშია, სადაც პრემიერ-მინისტრი საშუალო მთლიან ხელფასზე მხოლოდ 2,3-ჯერ მეტ ანაზღაურებას იღებს. მალტას არ ჩამოუვარდება ხორვატია, სადაც მთავრობის მეთაური საშუალო ხელფასზე მხოლოდ 2,5-ჯერ მეტ თანხას გამოიმუშავებს.

აღსანიშნავია, რომ ორბანი, თითქმის, იმდენს გამოიმუშავებს, რამდენსაც დანიის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ყოველწლიურად მასზე 4,200 ევროთი მეტ ხელფასს იღებს. თუმცა ეს თანხა დანიის საშუალო ხელფასზე გაცილებით უფრო პროპორციულია და მას მხოლოდ 2,7-ჯერ აღემატება. ანალოგიური კოეფიციენტი შეინიშნება სლოვენიაში, სადაც მთავრობის მეთაური საშუალოზე 2,7-ჯერ მეტ შემოსავალს იღებს. თუმცა სლოვენიის პრემიერ-მინისტრის მთლიანი წლიური ხელფასი 76,586 ევროა, რაც ვიქტორ ორბანის ანაზღაურებაზე 115,000 ევროთი ნაკლებია.

ანალოგიური სიტუაციაა პოლონეთში, სადაც დონალდ ტუსკის წლიური ხელფასი, 81,772 ევრო უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ხელფასის ნახევარზე ნაკლებია, რის შედეგადაც ქვეყნის საშუალო ხელფასთან უფრო დაბალანსებული თანაფარდობა ფიქსირდება. კერძოდ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი საშუალო ხელფასზე მხოლოდ 3,6-ჯერ მეტს იღებს.

საშუალო ხელფასთან შედარებით ევროკავშირის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ლიდერების ტოპ 10-ეული ასეთია:

  • ვიქტორ ორბანი (უნგრეთი) - წლიური ხელფასი 191,702 ევრო; საშუალო ხელფასზე 9,5-ჯერ მეტი
  • რობერტ ფიცო (სლოვაკეთი) – 132,000 ევრო; საშუალო ხელფასზე 7.6-ჯერ მეტი
  • პეტრ ფიალა (ჩეხეთი) – 130,012 ევრო; საშუალო ხელფასზე 6.1-ჯერ მეტი
  • კირიაკოს მიცოტაკისი (საბერძნეთი) – 99,420 ევრო; საშუალო ხელფასზე 6-ჯერ მეტი
  • ოლაფ შოლცი (გერმანია) - 348,300 ევრო; საშუალო ხელფასზე 5.9-ჯერ მეტი
  • კარლ ნეჰამერი (ავსტრია) – 306,446 ევრო; საშუალო ხელფასზე 5.3-ჯერ მეტი
  • ალექსანდერ დე გრუ (ბელგია) - 236,900 ევრო; საშუალო ხელფასზე 5.1-ჯერ მეტი
  • დიმიტარ გლავჩევი (ბულგარეთი) - 67,452 ევრო; საშუალო ხელფასზე 4.8-ჯერ მეტი
  • სიმონ ჰარისი (ირლანდია) – 239,089 ევრო; საშუალო ხელფასზე 4.4-ჯერ მეტი
  • ემანუელ მაკრონი (საფრანგეთი) – 182,000 ევრო; საშუალო ხელფასზე 4.3-ჯერ მეტი

ევროკავშირის 27 წევრიდან 20 ქვეყანაში საშუალო ხელფასსა და მთავრობის მეთაურის ხელფასს შორის სხვაობა, მინიმუმ, ხუთჯერ, ხოლო უნგრეთში, თითქმის, 10-ჯერ მეტია. ამასთან, 8 ქვეყანაში მთავრობის მეთაური საშუალო ხელფასზე, სულ ცოტა, სამჯერ მეტ ოდენობას იღებს. შედარებისთვის: ევროპარლამენტის წევრის მთლიანი წლიური ხელფასი 124,529 ევროა, რაც ორბანის ხელფასზე 66,000 ევროთი ნაკლები, ხოლო იტალიის, ესპანეთის ან ესტონეთის მთავრობის მეთაურებზე ამავე ოდენობით მეტია.

რაც შეეხება მსოფლიო ლიდერებს, ყველაზე მაღალი დეკლარირებული ხელფასი სინგაპურის პრემიერ-მინისტრს აქვს, რაც წელიწადში, თითქმის, 1,5 მლნ ევროს შეადგენს. შემდეგი ჰონგ-კონგისა და ევროკავშირის არაწევრი ევროპული ქვეყნის, შვეიცარიის ლიდერები არიან. აშშ-ის პრეზიდენტის ხელფასი ფიქსირებულ ოდენობას, ანუ წელიწადში 400,000 დოლარს შეადგენს, რაც კონგრესის მიერ 2001 წელს დაწესდა. გერმანია ამ მხრივ მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ