მწვანე კარკასის ფასი კვ.მ.-ზე 4 ათას ლარს აღწევს - როგორ შეიცვალა შავი, მწვანე და თეთრი კარკასის ფასები თბილისში?

2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი (RPPI) 4.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.9 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.

მათივე ცნობით, ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი სახლების (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს.

„საქსტატის“ მონაცემებითვე, 2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ფასების ზრდა დაფიქსირდა როგორც საცხოვრებელი ბინების სეგმენტში (4.8 პროცენტი), ისე კერძო სახლების სეგმენტში (4.6 პროცენტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახური ასევე აქვეყნებს ინფორმაციას, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიცვალა დედაქალაქში შავი, თეთრი და მწვანე კარკასის ფასები. კერძოდ, „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წლის მე-2 კვარტალში შავი კარკასის ფასი 1 კვ. მეტრზე - 3 209 ლარს; თეთრი კარკასის - 3 366 ლარს, ხოლო მწვანე კარკასის - 3 926 ლარს შეადგენდა.

ფასები გაზრდილია როგორც მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალთან ასევე გასული წლის მე-2 კვარტალთან შედარებით. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის 1-ელ კვარტალში 1 კვადრატული მეტრი შავი კარკასის ფასი - 2 849 ლარს; თეთრი კარკასის - 3 289 ლარს, მწვანე კარკასის კი - 3 738 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2023 წლის მე-2 კვარტალში 1 კვ. მეტრი შავი კარკასის ფასი - 2 629 ლარს; თეთრი კარკასის - 2 875 ლარს; ხოლო მწვანე კარკასის - 3 350 ლარს შეადგენდა.

თაია არდოტელი