„ბიზნესი ნორმალურ პირობებს თუ შესთავაზებს, მეეჭვება, რომ ადამიანებმა ემიგრაციაში წასვლა მოისურვონ“ - სოციოლოგი

„ბიზნესი ნორმალურ პირობებს თუ შესთავაზებს, მეეჭვება, რომ ადამიანებმა ემიგრაციაში წასვლა ან დაბრუნება მოისურვონ“ - როგორც რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეკონომისტმა და სოციოლოგმა, პაატა აროშიძემ განაცხადა, შესაძლოა, სამშობლოში ნორმალურ თანამდებობაზე ადამიანს საშუალოზე მაღალი ხელფასი ჰქონდეს, მაგრამ უცხოეთში წასვლა მან მაინც გადაწყვიტოს, რადგან იქ გაცილებით დაბალ თანამდებობაზე გაცილებით მაღალი ანაზღაურება ექნება.

„90-იან წლებშიც და დღესაც ადამიანები ფინანსური მდგომარეობის გამოსასწორებლად მიდიან. ისინი იმედოვნებენ, რომ უცხოეთში უფრო მეტი შემოსავლის მიღებას შეძლებენ, ვიდრე აქ. შესაძლოა, ადამიანს აქ საშუალოზე მაღალი შემოსავალი ჰქონდეს, მაგრამ მაინც გადაწყვიტოს ემიგრაციაში წასვლა, რადგან იქ, უფრო დაბალ პოზიციაზე მუშაობით უფრო მაღალ შემოსავალს იღებენ, ვიდრე აქ გაცილებით პრესტიჟულ სამსახურში“ - აცხადებს პაატა აროშიძე.

მისი თქმით, სახელმწიფომ და ბიზნესმა ერთად უნდა შექმნან ისეთი სიტუაცია, რომ ადამიანებს აქ დასაქმების სტიმული ჰქონდეთ.

„სახელმწიფომ და ბიზნესმა ურთიერთკავშირით უნდა შექმნან ისეთი სიტუაცია, რომ ადამიანებს აქ დასაქმების სტიმული გააჩნდეთ. სახელმწიფომ ბიზნესს ხელი უნდა შეუწყოს სამუშაო ადგილების შექმნაში.

ზოგიერთ სექტორში დასაქმების პრობლემა არ არის, მაგრამ ზოგან დამსაქმებლები მუდმივად ჩივიან, რომ საჭირო კადრებს ვერ შოულობენ, რისი მიზეზიც არის ის, რომ ისინი საკმარისად კარგ პირობებს არ სთავაზობენ, რათა დასაქმებულს მისი და მისი ოჯახის რჩენისთვის ნორმალური პირობები ჰქონდეს. ბიზნესი მათ ნორმალურ პირობებს თუ შესთავაზებს, მეეჭვება, რომ ადამიანებმა ემიგრაციაში წასვლა ან დაბრუნება მოისურვონ, ყოველ შემთხვევაში, დიდმა ნაწილმა“ - განაცხადა ეკონომისტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დაბრუნებული მიგრანტების მხარდასაჭერად მთავრობა 2024-2028 წლებში 10 მლნ ლარის დახარჯვას გეგმავს. „დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამა შემდეგი კომპონენტებისგან შედგება: სამედიცინო დახმარება და/ან მედიკამენტების დაფინანსება,

  • დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფა,
  • პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა,
  • სოციალური ინიციატივების დაფინანსება ან ეკონომიკური აგენტის სუბსიდირება,
  • ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით თანხის გაცემა და დაბრუნებული მიგრანტი ბავშვებისთვის სპორტული/შემოქმედებითი/შემეცნებითი კურსების დაფინანსება

ეკა დარჩიაშვილი