საქართველოში რეგიონის ყველაზე მასშტაბური კვანტური ლაბორატორია გაიხსნება

რეგიონში ყველაზე მასშტაბური კვანტური ლაბორატორია საქართველოში გაიხსნება. ინფორმაცია სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაციის (Scientific Cyber Security Association-SCSA) facebook-გვერდზე ვრცელდება.

კერძოდ, პროექტ Security Education Center for Unified Resilience and Effective Communications-ის (SECURE) ფარგლებში, საქართველოს 3 უნივერსიტეტში სამი ლაბორატორია, კერძოდ, კვანტური ლაბორატორია, AI/ML ლაბი და 5G/6G ქსელების კვლევითი ლაბორატორია შეიქმნება. ლაბორატორიები ერთმანეთთან იქნებიან დაკავშირებული და შესაბამისი კოორდინაცია მოხდება. პროექტი კავკასიის უნივერსიტეტს ეკუთვნის და ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ ერაზმუს პლიუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტ SECURE-ის გამარჯვებულია.

პროექტის ფარგლებში მკვლევრები და პერსონალი უსაფრთხოების მიმართულებით სამეცნიერო-პრაქტიკული კვლევების და საგანმანათლებლო კურსების განვითარებაზე იმუშავებს. ევროკავშირის მხრიდან მონაწილე კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტები ადგილობრივ უნივერსიტეტებს მხარდაჭერას გაუწევენ და როგორც ლაბორატორიების შექმნის, ასევე, კვლევით პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან.

პროექტის კოორდინატორი პორტუგალიის ავეიროს უნივერსიტეტი (Universidade de Aveiro), ხოლო საქართველოში კავკასიის უნივერსიტეტია, რომლის ბაზაზეც რეგიონში ყველაზე დიდი კვანტური ლაბორატორია შეიქმნება. ამასთან, კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან ჩართული გუნდი კვანტური და პოსტ-კვანტური უსაფრთხოების კურსის განვითარებასა და საქართველოში შესაბამის საკითხების კვლევაზე იქნება პასუხისმგებელი.

პროექტში, როგორც ბენეფიციარი, ჩართულია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც 5G/6G ლაბორატორია შეიქმნება. ბენეფიციარია, ასევე, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომლის ბაზაზეც AI/ML უსაფრთხოების ლაბორატორია უნდა შეიქმნას.

რაც შეეხება საერთაშორის პარტნიორებს, პორტუგალიის ავეიროს უნივერსიტეტის გარდა, ლიტვის Kaunas University of Technology და ესპანეთის University of Valladolid-ია, ხოლო საქართველოდან პროექტს პარტნიორობას ინტერნეტის განვითარების ინიციატივა, სამეცნიერო კიბერ უსაფრთხოების ასოციაცია, შპს „ინტეგრა“ და NGS-ჯგუფი გაუწევენ.

აღსანიშნავია, რომ პროექტში უკრაინელებიც მონაწილეობენ. კერძოდ, ეროვნული საავიაციო უნივერსიტეტი 5G/6G ლაბორატორიის პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი, ხარკოვის რადიოელექტრონიკის ეროვნული უნივერსიტეტი AI/ML ლაბორატორიის ბენეფიციარი, ხოლო ჩერკასის სახელმწიფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი კვანტური ლაბორატორიის ბენეფიციარია.

პროექტის ხელმძღვანელი, პროფესორი მაქსიმ იავიჩია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ