ბანკების მიერ ერთ თვეში 966 მლნ ლარით მეტი სესხი გაიცა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით 966.17 მლნ ლარით (1.71%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.67%-ით გაიზარდა) და ივნისის ბოლოს 57.34 მლრდ ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 785.90 მლნ ლარით (2.56%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 180.28 მლნ ლარით (0.70%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.60%-ით).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის ივნისის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 9.36 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 4.21%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 16.55 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.05%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 0.94%-ით მეტი).

2024 წლის ივნისის განმავლობაში 1.31%-ით, ანუ 382.81 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და ივნისის ბოლოსათვის 29.52 მლრდ ლარი შეადგინა.

2024 წლის ივნისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.83 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.45 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.48 პროცენტული პუნქტით),“- ნათქვამია სებ-ის ინფორმაციაში.

თაია არდოტელი