მოსახლეობის რამდენი პროცენტი ახერხებს დანაზოგის გაკეთებას, ზუსტი მონაცემი არ გვაქვს. თუმცა, სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ არის გარკვეული ნიშნები, რაც საქართველოს მოსახლეობის სამომხმარებლო საზოგადოებად ჩამოყალიბებაზე მიუთითებს.
როგორც ის აღნიშნავს, იმისთვის, რომ ადამიანმა დანაზოგის გაკეთება შეძლოს, ოფიციალურად დადგენილ საშუალო შემოსავალზე 20-30%-ით მეტი უნდა ჰქონდეს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანაბრების მოცულობისა და მუდმივად მზარდი ავტოპარკის ფონზე კი, ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მოსახლეობა ასე თუ ისე, დანაზოგის გაკეთებას ახერხებს.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლისთვის საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 1,722 ლარია, ხოლო ერთ სულზე 521.4 ლარი. რაც შეეხება ხარჯს, იგივე პერიოდის მდგომარეობით, საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე 1,649 ლარია, ხოლო ერთ სულზე - 499.3 ლარი.
„დანაზოგის გაკეთება დამოკიდებულია ერთის მხრივ, შემოსავლებისა და მეორეს მხრივ, ხარჯის მოცულობაზე. პირობითად, შეიძლება ადამიანს მილიონი ჰქონდეს შემოსავალი, მაგრამ ხარჯები იმდენად აჭარბებდეს, ვალებიც კი დაუგროვდეს. თუმცა, ისიც შესაძლებელია, რომ ვიღაცას 1000 ლარი ჰქონდეს ხელფასი, მაგრამ ხარჯები იმდენად მცირე ჰქონდეს, რომ დანაზოგის გაკეთებაც შეძლოს. ორი უკიდურესობაა.
საშუალოდ თუ ავიღებთ, იმისთვის, რომ დანაზოგი მეტ-ნაკლებად ხელშესახები იყოს, საშუალო შემოსავალზე 20-30%-ით მეტი შემოსავალი უნდა გქონდეს. საშუალო შემოსავალი ჩვენთან 1700 ლარს გადასცდა და ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულ პირს, რომლის ხელფასი 2000 ლარის ფარგლებშია, აქვს შესაძლებლობა დანაზოგი გააკეთოს“,- ამბობს სოსო არჩვაძე.
კითხვაზე, მუდმივად მზარდი ხარჯების პირობებში, რამდენად რეალურია, დანაზოგის გაკეთება, სტატისტიკოსი ამბობს, რომ გაზრდილ ხარჯს ორი ფაქტორი, უცხოეთიდან ფულადი გზავნილები და სამომხმარებლო სესხი განაპირობებს.
„ხარჯების სიდიდე ყალიბდება ორი დიდი წყაროსგან, ეს არის ფულადი ტრანზაქციები უცხოეთიდან და სამომხმარებლო სესხები, რომელთა მოცულობა იზრდება. ორივე მონაცემი თითქმის, 20%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება ვიყიდოთ ესა თუ ის სამომხმარებლო ნივთი იმ ვარაუდით, რომ უახლოესი 6-12 თვის (ან მეტის) განმავლობაში, მოსალოდნელი შემოსავალი მოგვცემს საშუალებას არა მარტო დავფაროთ ხარჯები, არამედ გავისტუმროთ დავალიანება, ვალის სახით. ამიტომ, ხარჯების ნაწილში, ესეც უნდა გავითვალისწინოთ.
თუ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას გავითვალისწინებთ, 30 მლრდ ლარზე ავიდა დანაზოგების მოცულობა (თუმცა, აქ შედის როგორც ქვეყნის რეზიდენტების, ისე ემიგრანტების დანაზოგები), ეს საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელია. ამას ემატება სატრანსპორტო საშუალებების სიმრავლე ქუჩებში, იმპორტირებული საქონლის რაოდენობა... ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი მოსახლეობა, დინჯად, თუმცა, საკმაოდ დამაჯერებლად ყალიბდება სამომხმარებლო საზოგადოებად“,- ამბობს სოსო არჩვაძე.