„დადგება მომენტი, როცა დაფიქრება მოუწევთ მყიდველებს“- რა უპირატესობა/ნაკლი აქვს ჩინურ მანქანებს

„გაზრდილია ჩინური მანქანების რაოდენობა, ხილულია ეს უკვე; ქალაქში ძალიან ბევრი ჩინური ელექტრომანქანა დადის“, - ამის შესახებ bpn-თან საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, ჩინეთი ელექტრომობილების იმპორტიორ უმსხვილეს ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა და ამერიკას ჩამორჩება. მიმდინარე წლის ექვს თვეში იმპორტირებულია 37.118 მლნ დოლარის 1 860 ელექტრომობილი, საიდანაც 11.915 მლნ დოლარის 448 ერთეული ჩინეთიდან შემოვიდა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა უპირატესობა/ნაკლი აქვს ჩინურ ავტომობილებს, მათ შორის ელექტრომობილებს, სხვა ქვეყნის მიერ წარმოებულ მანქანებთან შედარებით და კითხვით მევლუდ მელაძეს მივმართეთ:

„ჩინური ავტომობილების პირველი უპირატესობა არის ის, რომ იაფია. ევროპაში რომ შეიყვანო მანქანა, არის შესაბამისი მოთხოვნები და სტანდარტები, უსაფრთხოების ტესტი უნდა ჰქონდეს გავლილი. ასეთი მანქანა ჩინეთს ბევრი არ ჰყავს. ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ შეიყვანო, ასევე დაწესებულია უსაფრთხოების სტანდარტები და ტესტები თუ გავლილი არ აქვს, ვერ შევა ბაზარზე. ეს ტესტები ძალიან ძვირია, თან სპეციფიკურ მომზადებას საჭიროებს. ჩინეთი ეძებს ისეთ ბაზრებს, სადაც ეს სტანდარტები არ იქნება და ურჩევნია, რომ უფრო ნაკლებად გაყიდოს. საქართველოში დახვდა ასეთი მოცემულობა: არ არის უსაფრთხოების სტანდარტები და მოთხოვნა, შესაბამისად, იოლად შეიძლება იყიდო/გაყიდო და ფასი, შესაბამისად, დაბალია. ჩამოჰყავს ჩინეთს ისეთი მანქანებიც, მაგალითად ელექტრო, რომლებიც სტანდარტებს აკმაყოფილებენ და ასეთი მოდელი გაცილებით ძვირიც ღირს.

მეორე მხარე ის არის, რომ მოთხოვნა ელექტრომანქანებზე არის, მომავალი ელექტრომანქანებისაა და ასე თუ ისე, ამას ყველა აცნობიერებს. შესაბამისად, მოთხოვნა გაჩნდა. ჩვენთან ყველაზე დიდი პრობლემაა პარკირება, პარკირების უქონლობა და სიძვირე, ამ მხრივ ელექტრომანქანების დამატებითი ბენეფიტები (უფასო პარკირება), გინდა არ გინდა, მუშაობს და აისახება მოთხოვნაზეც.

ჩინური ავტომობილები საკმაოდ დახვეწილი და კომფორტულია. ვიზუალურადაც საკმაოდ ლამაზია, რადგან ჩინელები, სადაც ვინმემ რამე კარგად გააკეთა, სულ მინიმუმ ვიზუალს იპარავენ ღიად და იყენებენ თავის წარმოებაში. ეს მანქანები რიგ ქვეყნებში რომ ჩაიყვანონ, შესაძლოა, სასამართლოებიც კი მოუწიოს, რადგან, ფაქტია, რომ დეტალები მოპარული აქვს გარკვეული მოდელებიდან. ჩვენთან ეს წინააღმდეგობა მათ არ ხვდებათ, ამიტომ საბოლოო ჯამში გამოდის, რომ სარფიანია ყველა მხარისთვის“, - განაცხადა მევლუდ მელაძემ.

საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა ჩინური მანქანების სამომავლო გამოწვევებზეც და აღნიშნა, რომ ეს მეტწილად დაკავშირებული იქნება სერვისებსა და მომსახურებასთან. მისი თქმით, ამჟამად, ახალ ავტომობილების ნაკლებად სჭირდებათ სერვისებით სარგებლობა, თუმცა სამომავლოდ გაჩნდება შესაბამისი ნაწილებისა და ხელოსნების მომსახურების გაწევის აუცილებლობა.

„ჩინური ბაზარი ძალიან დიდია და ბევრნაირი ავტომობილი ჰყავთ. პრობლემა რაც ჯერ არ ჩანს მაგრამ იქნება აუცილებლად, ესაა სერვისი. ახალ მანქანას ნაკლებად სჭირდება სერვისი, მით უმეტეს ელექტროს, რომელსაც არ აქვს შიდა წვის ძრავა, მაგრამ ძალიან მალე დადგება ის მომენტი, როცა მანქანის სერვისი დასჭირდება მოქალაქეს. გაჭირდება სერვისი და დადგება მომენტი, როცა დაფიქრება მოუწევთ მყიდველებს. კომპანია, რომელიც ამ დროისთვის მოასწრებს სერვისის დახვეწას, დარჩება ბაზარზე. ბრენდები, რომლებიც ვერ მოახერხებენ სერვისის შეთავაზებას, ნელ-ნელა გაქრებიან“, - აღნიშნა მევლუდ მელაძემ.

მერი ტაბატაძე