3 თვეში ქულების ამოწურვის გამო მართვის მოწმობა 6 ადამიანს ჩამოერთვა, - აღნიშნულს მოწმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.
კერძოდ, უწყების ცნობით, 2024 წლის 1-ელ კვარტალში, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულა 84 792 პირს დააკლდა. მათ შორის, 6 ადამიანს სრულად ამოეწურა ქულები.
რეგიონების მიხედვით, მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულა სრულად ამოეწურა 2 ადამიანს - თბილისში; 1-1 პირს - მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო-სვანეთის და სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტში. კიდევ 1 ადამიანს კი ქულების ამოწურვის გამო მართვის მოწმობა ჩამოერთვა სხვა მუნიციპალიტეტში.
რაც შეეხება ქულების დაკლებას, ყველაზე მეტ - 25 590 პირს მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები 2024 წლის იანვარ-მარტში დედაქალაქში დააკლდა.
რაც შეეხება გასული წლის ჯამურ მონაცემებს, 2023 წელს საქართველოში მართვის მოწმობაზე მინიჭებული ქულები დააკლდათ 316 250 პირს, მათ შორის, 248 ადამიანს კი სრულად ამოწურა ქულები და შეუჩერდა მართვის მოწმობის მოქმედება.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 1-ლი ივლისიდან მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭა და თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა ამ 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას იწვევს. კალენდარული წლის განმავლობაში 100 ქულის ნულამდე შემცირების შემთხვევაში, მძღოლს მართვის უფლება უწყდება და მის მისაღებად გამოცდის ხელახლა ჩაბარება უწევს.
იხილეთ ასევე: 2023 წელს ქულების ამოწურვის გამო მართვის მოწმობა 243 ადამიანს ჩამოერთვა