Google Search-ს კონკურენციას ხელოვნური ინტელექტი გაუწევს - OpenAI ახალ საძიებო სისტემას ქმნის

OpenAI-მ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი საძიებო ინსტრუმენტის პროტოტიპი დააანონსა, რომლის სახელწოდებაც “SearchGPT”-ია. ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რასაც Financial Times ავრცელებს.

გამოცემის შეფასებით, OpenAI-ის ახალი ინსტრუმენტი “Google-ის პირდაპირი გამოწვევაა,“ რომლის საძიებო სისტემა ბოლო 20 წლის განმავლობაში დომინირებს და რომელმაც გასულის წლის მაისში განაცხადა, რომ საძიებო სისტემაში გენერაციულ AI-ტექნოლოგიებს გამოიყენებდა.

OpenAI-ში აცხადებენ, რომ SearchGPT მომხმარებელს "სწრაფ და დროულ პასუხებს გასაგები და რელევენტური წყაროებიდან გასცემს.”

პირველ ეტაპზე საძიებო სისტემა მომხმარებელთა მცირე ჯგუფისთვის იქნება ხელმისაწვდომი. Financial Times-ის ცნობით, 25 ივლისს კომპანიამ სერვისის დასატესტად 10,000 ადამიანის მოლოდინის სია გახსნა. შემდგომში კომპანია საძიებო სისტემის ზოგიერთი ფუნქციის პირდაპირ ChatGPT-ში ინტეგრირებას აპირებს.

ვიზუალურად ახალი ინსტრუმენტი ChatGPT-ისგან განსხვავდება, რადგან ერთი გენერირებული პასუხის ნაცვლად SearchGPT მომხმარებლებს მრავალ ბმულს შესთავაზებს, რომლებიც გარე ვებსაიტებზე გადავა. ამასთან, მომხმარებლები შეძლებენ, სისტემას დასაზუსტებელი კითხვები დაუსვან, ხოლო „ყოველ მოთხოვნაზე საერთო კონტექსტი დაგროვდება.“

მოამზადა ლადო სულაბერიძემ