ქართული წარმოების ფქვილის ექსპორტი 1 335-ჯერ გაიზარდა - იმპორტის 92% კი რუსეთზე მოდის

ქართული ფქვილის ექსპორტი მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში წლიურად 1 335-ჯერ გაიზარდა. წელს ექვს თვეში ექსპორტზე 26.7 ათასი აშშ დოლარის (ჯამში თითქმის 70 ტონა, 1 კგ-ს საშუალოდ 0.38 დოლარი) ღირებულების ადგილობრივი წარმოების ხორბლის ფქვილი გავიდა, შარშან იმავე პერიოდში კი მხოლოდ 20 დოლარის ღირებულების.

საქსტატის მონაცემების მიხედვით, ქართული წარმოების ფქვილის უდიდესი ნაწილი, 18.8 ათასი დოლარის ღირებულების გავიდა საბერძნეთში, ხოლო დანარჩენი 7.9 ათასი დოლარის - ერაყში.

აღსანიშნავია ისიც, რომ წელს საქართველოში ფქვილის იმპორტი 62%-ით შემცირდა. უფრო კონკრეტულად, 2024 წლის ნახევარში იმპორტირებულია 9.63 მლნ დოლარის ფქვილი, შარშან ექვს თვეში კი 25.23 მლნ დოლარის.

საქართველოში 2024 წლის იანვარ-ივნისში ფქვილის უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთი იყო. ფქვილის მთლიან იმპორტში მისი წილი 92%-ს აღწევდა. 5 უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყანა წელს ასე გამოყურება:

  • რუსეთი - 8.85 მლნ დოლარის;
  • თურქეთი - 500 ათასი დოლარის;
  • იტალია - 164 ათასი დოლარის;
  • ლიტვა - 49.6 ათასი დოლარის;
  • საფრანგეთი - 36.6 ათასი დოლარის.

მერი ტაბატაძე