რუსეთის საბაჟო სამსახური - საქართველოდან მგზავრებს უკანონო ნაღდი ფული მოსკოვის აეროპორტების გავლით შემოაქვთ

საქართველოდან მოსკოვის აეროპორტებით მოქალაქეებს უცხოური ვალუტა ქვეყანაში უკანონოდ შეაქვთ და იმავე მიმართულებით გააქვთ. ამის შესახებ რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის განცხადებაში წერია.

ეს აეროპორტებია: ვნუკოვო, დომოდედოვო, შერემეტევო და ჟუკოვსკი.

უწყება აცხადებს, რომ მიმდინარე წლის ექვსი თვის განმავლობაში მოსკოვის აეროპორტების საბაჟოებმა მთლიანობაში, თითქმის, 8 ათასი კანონდარღვევა გამოავლინეს, რაც, 2023 წლის იანვარ-ივნისთან შედარებით, 11%-ით მეტია.

გამოვლენილ დაარღვევათა ნახევარი ვალუტის უკანონო მოძრაობას უკავშირდება. ყველაზე ხშირად მოქალაქეების მიერ ქვეყანაში ევროს, რუსული რუბლის, აშშ დოლარის და არაბეთის გაერთიანებული საემიროების დირჰამის უკანონო შეტანის ფაქტი ფიქსირდება.

საბაჟოს ცნობით, მოსკოვის აეროპორტებით მოქალაქეების მიერ ნაღდი ფულის არალეგალური შეტანა საქართველოს გარდა, თურქეთიდან, სერბეთიდან, ისრაელიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან და აზერბაიჯანიდან ფიქსირდება. ამავე მიმართულებებზე, ასევე, ჩინეთში, ტაილანდსა და უზბეკეთში ნაღდი ფული რუსეთიდან არალეგალურად გაედინება.

ამ დროისთვის ფულადი სახსრების კონტრაბანდის შესახებ 22 სისხლის სამართლის, ხოლო ფულადი სახსრების არადეკლარირების ან ყალბი დეკლარაციის შესახებ 3,904 ადმინისტრაციული სამართალდრღვევის საქმე არის აღძრული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ