საქართველოში 628.7 მლნ ლარის სესხი ვადაგადაცილებულია

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის 6 თვის მდგომარეობით, საქართველოში 58.046 მლრდ ლარის სესხია გაცემული. აქედან 56.716 მლრდ ლარი ვადიანი სესხია, ხოლო 628.7 მლნ ლარი ვადაგადაცილებული.

სტატისტიკის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მოკლევადიანი კრედიტის სახით 4.616 მლრდ ლარი გაიცა, საიდანაც ვადაგადაცილებულია 165.1 მლნ ლარი, ხოლო გრძელვადიანი 52.099 მლრდ ლარის სესხი გაიცა, აქედან 463.5 მლნ ლარი ვადაგადაცილებულია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნულ ვალუტაში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 249.9 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 378.7 მლნ ლარს.

შეგახსენებთ, რომ „კრედიტინფოს“ 2024 წლის ივნისის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 187 069 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 364 546-ს შეადგენს. საუბარია, 2 075 476 652 ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებზე.

ამასთან, საერთო ჯამში, ივნისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 931 746 ადამიანს აქვს, ჯამში 46 945 500 596 ლარის მოცულობის. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 81.8% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, ივნისის მდგომარეობით, ბანკებიდან 42 912 671 526 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 580 204 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 6.1%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 96 054 -ია.

ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 760 108 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 499 091 097 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 108 449 მსესხებელს უფიქსირდება.

ნინი ქეთელაური