2024 წლის ორ კვარტალში პარლამენტმა 5.917 მლნ ლარის შესყიდვები განახორციელა. აქედან 2.779 მლნ ლარი დაიხარჯა პირველ კვარტალში, დარჩენილი 3.138 მლნ ლარი კი მეორე კვარტალში.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა თანხა დახარჯა პარლამენტმა ორ კვარტალში სასტუმროს მომსახურებაზე. საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის ორ კვარტალში სასტუმროს, სასტუმროს დარბაზისა და კვების მომსახურებაზე პარლამენტმა ჯამში 85 211 ლარი დახარჯა. საიდანაც პირველ კვარტალში დახარჯული იყო ჯამში 16 145 ლარი, ხოლო მეორე კვარტალში 69 066 ლარამდე.
ამასთანავე, პირველ ორ კვარტალში სასტუმროს მომსახურება პარლამენტს შემდეგმა კომპანიებმა გაუწიეს: შპს „კიტ 2016“, შპს „რუმს ჰოტელს ლაბი“, შპს „ვინო ვოგი”, შპს „დ.ს.ესთეით”, შპს „დაბი გრუპი” შპს „ჯი ემ თი”, შპს „ამბასადორი კაჭრეთში”, შპს „სიტი ემ”, შპს „სასტუმრო თელავი” და შპს „პარაგრაფ თბილისი სითი”.
ჩამოთვლილთაგან ყველაზე მეტი თანხა „ამბასადორი კაჭრეთსა“ და „სითი ემ“-თან დაიხარჯა. პირველის შემთხვევაში გაწეული მომსახურება 41 890 ლარი დაჯდა, „სითი ემ“-თან კი 15 925 ლარია გადახდილი.