„ბიზნესი აკეთებს ეკონომიას, ცდილობს ხარჯების დაზოგვას და არ ასრულებს კანონის ვალდებულებას,“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი მირიანაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანერგვის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის ივნისიდან ძალაში შევიდა კანონი, რომლის მიხედვითაც ბიზნეს-სუბიექტების კანონით გათვალისწინებულ კატეგორიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ყოლის ვალდებულება გაუჩნდა.
„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს პროცესი. როგორც ჩვენთან საუბარში გიორგი მირიანაშვილი აღნიშნავს, კანონით განსაზღვრულია პოზიციები, რომელზე დასაქმებული პირების პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრად გადაყვანა დაუშვებელია. ასეთია მაგალითად იურისტი, მენეჯერულ რგოლში დასაქმებულები და ა.შ.
მირიანაშვილი აღნიშნავს, რომ ბიზნესების ნაწილმა ოფიცრის თანამდებობაზე გადაიყვანა თანამშრომლები, რომელთაც კანონით ეკრძალებათ ამ პოზიციის დაკავება.
„ჩვენი დაკვირვებით, კერძო სექტორმა ეს ვალდებულება ნაწილობრივ შეასრულა. ნაწილობრივ შეასრულა იმ თვალსაზრისით, რომ მათ ოფიცერი განსაზღვრეს, თუმცა არსებითად ეს ოფიცრები ძირითადად არიან თანამშრომლები - ისეთი ადამიანები, რომელთაც აქვთ ინტერესთა კონფლიქტი. კანონის მიხედვით მათ ეკრძალებათ, რომ ოფიცრად განახორციელონ საქმიანობა. აკრძალულია, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტმა, იურისტმა, HR, კანცელარიის თანამშრომელმა, ან სხვა მენეჯერული რგოლის წარმომადგენელმა, შეითავსოს ეს ფუნქცია. ბიზნესი აკეთებს ეკონომიას, ცდილობს ხარჯების დაზოგვას და არ ასრულებს კანონის ვალდებულებას. სამსახურმა დაიწყო საკითხის შესწავლა და სავარაუდოდ, შესაბამისი რეაგირება იქნება,“ - განაცხადა გიორგი მირიანაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის აყვანის ნაწილში ბიზნესებისთვის ერთადერთი გამოწვევა ხარჯებთან არის დაკავშირებული.
„გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია ბიზნესებთან, ოფიცრის დანერგვის პროცესში მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ, ერთადერთი პრობლემა არის ხარჯი, ხარჯის გაწევისგან იკავებენ თავს. სხვა გამოწვევა, რომ მაგალითად, კადრი არ არსებობდეს ბაზარზე, დეფიციტი იყოს ამ მიმართულებით და ა.შ. არ არსებობს. ბაზარზე ფიზიკური პირის მომსახურების შემთხვევაში ოფიცრის ანაზღაურება მერყეობს 2 000-ლარიდან 5 000-ლარამდე, ხოლო კომპანიების შემთხვევაში უფრო ნაკლებია, დაახლოებით 800 ლარიდან 2 000 ლარამდე, დამოკიდებულია ორგანიზაციაზე,“ - აღნიშნა ასოციაციის დამფუძნებელმა.
კითხვაზე, რამდენმა ბიზნეს-სუბიექტმა დანიშნა უკვე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, მირიანაშვილი პასუხობს, რომ ჯერჯერობით ეს მონაცემები უცნობია. მისი თქმით, მიმდინარეობს საკითხის სექტორების მიხედვით შესწავლა და სექტემბერში აღნიშნული მონაცემები ცნობილი იქნება.
ცნობისთვის, 1-ლი ივნისიდან ძალაში შევიდა ყველა საჯარო დაწესებულება და რიგი კერძო ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, დანიშნონ ან განსაზღვრონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი. თუ ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი არ ეყოლებათ, გაფრთხილება მხოლოდ ერთხელ მიეცემათ, შემდეგ კი დაჯარიმდებიან. იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზაციას არ ჰყავს ოფიცერი და მისი დოკუმენტაცია არ შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სხვადასხვა ოდენობის ჯარიმა, შესაძლოა, დაწესდეს. ჯარიმის ოდენობა დამოკიდებულია კომპანიის ბრუნვაზე და 1 000 ლარიდან 20 000 ლარის ფარგლებში მერყეობს.
იხილეთ ამავე თემაზე: - დღეიდან ახალი ვალდებულება ამოქმედდა - დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 1000-დან 20 ათას ლარამდე იქნება