„განსაკუთრებულობა არის გემოებში, ქართული ფხალეული უნიკალურია - ქართული გასტრონომია დიდ ინტერესს იწვევს“

„რადგან მსოფლიო ტენდენცია იქით წავიდა, რომ ვეგანური და ჯანსაღი პროდუქტები უფრო პოპულარული გახდა, ქართული გასტრონომია ძალიან კარგად მოიცავს ამ ყველაფერს და უფრო მეტად შეიძლება ამის პოპულარიზაცია,“- ამის შესახებ გასტრონომიული ტურიზმის ბიზნეს ასოციაციის დამფუძნებელმა ქეთი კვიჭიძემ პრესკლუბში „კვირა“ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ტენდენციის ფონზე, ფხალეული და ნიგვზიანი ბადრიჯანი სულ უფრო პოპულარული ხდება.

„ინტერესი (ქართული გასტრონომიის მიმართ) იმიტომ არის, რომ პირველ რიგში, გემრიელი და მრავალფეროვანია. ხინკალი რომ ავიღოთ, ბევრ ქვეყანაში გვხვდება მისი მსგავსი კერძი, მაგრამ განსაკუთრებულობა არის ტექნოლოგიურ პროცესში და გემოებში, რომელიც გვაქვს. იგივეა, ქართული ფხალეული, რომელიც უნიკალურია, ნიგვზიანი ბადრიჯანი, რადგან მსოფლიო ტენდენცია იქით წავიდა, რომ ვეგანური და ჯანსაღი პროდუქტები უფრო პოპულარული გახდა, ქართული გასტრონომია ძალიან კარგად მოიცავს ამ ყველაფერს და უფრო მეტად შეიძლება ამის პოპულარიზაცია.

ახლახან ლონდონში გახლდით (ასოციაცია), გურამ ბაღდოშვილი წარმოადგენდა საქართველოს, სადაც უდიდესი ინტერესი გაჩნდა და მან აღნიშნა, რომ ჩამოვედით სტუმრად და ვიქეცით მასპინძლებადო. ფაქტობრივად, რიგები იდგა ჩვენს სტენდთან, ზუსტად უნიკალური გემოების და სურნელის გამო. ქართული გასტრონომია თავისი სუნელით, მწვანილით, სხვადასხვა ინგრედიენტებით, სოუსების მრავალფეროვნებით დიდ ინტერესს იწვევს. თან ახალია მათთვის. სიახლე კი ყოველთვის საინტერესოა გასტროტურიზმით დაინტერესებული ადამიანისთვის,“- განაცხადა ქეთი კვიჭიძემ.

ნინი ქეთელაური