უფრო მეტი დოლარი ვიყიდეთ, ვიდრე გავყიდეთ - ნათია თურნავა

ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის დასაწყისიდან 219.7 მლნ დოლარი გაყიდა, - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ამავე პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა ჯამში 286.6 მილიონი დოლარი იყიდა. თურნავა აღნიშნავს, რომ წელს სებ-მა უფრო მეტი დოლარი იყიდა, ვიდრე გაყიდა, აქედან გამომდინარე, ამ დროის მონაცემებით, დადებითი სალდო ფიქსირდება.

„სებ-მა სულ წლის დასაწყისიდან გაყიდა 219.7 მილიონი დოლარი, რომელთაგანაც 168.7 მილიონი დოლარი გაიყიდა სავალუტო აუქციონის მეშვეობით, როდესაც სავალუტო ბაზარზე შეინიშნებოდა აჟიოტაჟი და ჩავთვალეთ, რომ აუცილებელი იყო სტაბილიზაციისთვის ჩავრეულიყავით. ხოლო BMatch პლატფორმის საშუალებით 51 მილიონი დოლარი გაიყიდა. ჯამში, ჩვენ შევისყიდეთ 286.6 მილიონი დოლარი და ამას თუ გამოვაკლებთ ორივე გზით გაყიდულს, დადებითი სალდო გვაქვს 66.9 მილიონი დოლარი. მეტი ვიყიდეთ წელს, ვიდრე გავყიდეთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

მერი ტაბატაძე