„არავითარი ხელისშემშლელი ბარიერი აღარ იქნება, რომ ანაკლიის პორტის პროექტმა დღის სინათლე იხილოს“

საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომ ანაკლიის საქმეზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, არბიტრაჟმა მოსარჩელეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მილიარდნახევარი დოლარის ანაზღაურებაზეც უარი უთხრა და მას საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 650 ათასი დოლარის გადახდის ვალდებულება დაეკისრა.

როგორც სტატისტიკოსმა და ეკონომისტმა სოსო არჩვაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, სახელმწიფოს წინააღმდეგ ასეთი დემარში საბოლოოდ კონპროდუქტიული უნდა იყოს.

„ეს მოხდა საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ და ამით წერტილი დაესვა სახელმწიფოსა და კორპორაციას შორის დავას. ვფიქრობ, აღარავითარი ხელისშემშლელი ბარიერი აღარ იქნება, რომ პროექტმა დღის სინათლე იხილოს და განხორციელდეს იმ მიზნების გადასაჭრელად, რისთვისაც სათანადო პირობები არსებობს.

ახლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს ღონისძიებები - პორტის ჯერ მშენებლობა დაიწყოს, შემდეგ ექსპლუატაციაში მიიღონ და სწორედ ამის მერე ქვეყანა ამ ყველაფრისგან დიდ სარგებელსაც მიიღებს,“ - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

ეკა დარჩიაშვილი