რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ სურსათის უვნებლობის სპციალისტმა ირაკლი არაბულმა ზაფხულში ყველაზე მეტად მოთხოვნადი პროდუქტების, ხილ-ბოსტნეულისა და ნაყინის შეძენის დროს უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.
მისი თქმით, საფრთხეს შეიცავს საავტომობილო გზის პირას გასაყიდად გამოტანილი ხილ-ბოსტნეული და ასევე დეფორმირებული ნაყინი, რომელიც სავაჭრო ობიექტების მაცივრებში გვხვდება ხოლმე.
„გზის პირას გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი გარკვეულწილად რისკისშემცველია. გარდა იმისა, რომ არსებობს ფიზიკური დაბინძურება, რომელიც მანქანების გადაადგილების შედეგად წარმოიქმნება, ასევე არსებობს პროდუქტის გამონაბოლქვიდან ტყვიით დაბინძურების შანსი. თავდაცვის ერთადერთი მექანიზმია არის ის, რომ საფუძვლიანად უნდა გავრეცხოთ ნებისმიერი ხილი და ბოსტნეული, რასაც შევიძენთ.
არ შეიძლება გზის პირას არსეული ხეებისგან ხილის მიღება, რადგან ადრე სპეციალურად რგავდნენ გზის პირებზე ისეთ ხეებს, რომელიც მანქანის მოძრაობის შედეგად გამოყოფილ ტყვიას იწოვდა.
ასევე დეფორმირებული ნაყინი ნამდვილად არის საფრთხის შემცველი, რადგან თუ ნაყინს ფორმა აქვს შეცვლილი, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ერთხელ უკვე დადნა და შემდეგ ახლიდან გაყინეს. თუ მასში არის მავნე ბაქტერიები, დნობის დროს ისინი იწყებენ გამრავლებას და ნაყინი ჯანმრთელობისთვის საშიში ხდება. ამიტომ უნდა მოვერიდოთ დეფორმირებულ ნაყინებს“,- აღნიშნა სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა.