საქართველოში არასაინკუბაციო კვერცხის იმპორტი თითქმის 78%-ით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წელს იანვარ-ივნისში საქართველოში 4.951 მლნ ერთეული არასაინკუბაციო კვერცხი შემოვიდა, რაც 4,5-ჯერ ანუ 77,9%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
შედარებისთვის, 2023 წლის 1-ელ 6 თვეში ქვეყანაში 22.358 მლნ ცალი კვერცხის იმპორტი განხორციელდა. „საქსტატის“ მიხედვით, წელს ქვეყანამ 4.9 მლნ არასაინკუბაციო კვერცხში ჯამში, 216.7 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა, შესაბამისად, 1 ერთეულის ღირებულება 0,044 ცენტი გამოდის. შარშან 22.3 მლნ ერთეული ფასი 1.063 მლნ აშშ დოლარი იყო, შესაბამისად, ერთი ცალი საშუალოდ, 0,047 დოლარი ღირდა.
სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში არასაინკუბაციო კვერცხი წელსაც, ისევე როგორც გასულ წლებში მხოლოდ თურქეთიდან შემოვიდა. რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, „საქსტატის“ თანახმად, 2024 პირველ კვარტალში მაჩვენებელი მცირედით გაიზარდა და 168.3 მლნ ერთეულს გაუტოლდა. ეს მაშინ როდესაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში 166.8 მლნ ერთეული იყო. რაც შეეხება ექსპორტს, საქართველოდან არასაინკუბაციო კვერცხი ბოლოს 2015 წელს გავიდა.