ჰელსინკის კომისიის რამდენიმე ლიდერი ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ითხოვს

ჰელსინკის კომისიის ლიდერები მოუწოდებენ ბაიდენის ადმინისტრაციას, დაუწესოს პერსონალური სანქციები საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, რომლის რეჟიმსაც მათი შეფასებით, საქართველო ევროპული კურსიდან გადაჰყავს და ქვეყანაში ავტორიტარულ მმართველობას აღრმავებს. ინფორმაციას The Hills აქვეყნებს.

გასულ კვირას სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენისთვის გაგზავნილ წერილში, დამოუკიდებელი კომისიის რესპუბლიკური და დემოკრატიული ლიდერები ივანიშვილისა და „მისი ახლო წრისთვის“ ფინანსური სანქციების დაწესებას ითხოვენ, რათა საქართველოში კორუფციისა და მავნე გავლენის ძირითადი კვანძები აღმოიფხვრას.

წერილის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები ჯო უილსონი, კომიტეტის თავმჯდომარე სტივ კოენი და კომისრები: რიჩარდ ჰადსონი და მარკ ვეისი.

ბიძინა ივანიშვილი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელია, რომელიც ხელისუფლებაში 2012 წელს მოვიდა. სტატიაში ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ პრემიერის თანამდებობას ის ერთი წლის განმავლობაში იკავებდა, ამის მერეც გადამწყვეტი როლი ენიჭება ქვეყნის მართვასა და მიმართულებაში.

სტატიაში ხაზგასმულია ივანიშვილის ქონების საკითხიც, რომელიც 5-დან 7 მილიარდ დოლარამდეა და რომელიც მან საბჭოთა რუსეთში მოაგროვა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა 2024 წლის 6 ივნისს სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში გამოაცხადა, რომელიც “ქართული ოცნების” წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავებს და კერძო პირებს მოიცავს. სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით, სავიზო შეზღუდვების პირველი ტრანში 24-დან 34 პირს მოიცავს.

ეკა დარჩიაშვილი