რუსეთის მთავრობამ სექტემბერ-ოქტომბერში ბენზინის ექსპორტის შეზღუდვის პრინციპული გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო დიზელის საწვავის ექსპორტის აკრძალვა არ იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას TASS ავრცელებს.
მეტიც, როგორც ენერგეტიკის მინისტრის პირველმა მოადგილე პაველ სოროკინმა სახელმწიფო სათათბიროს კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, დროებითი აკრძალვა სექტემბერ-ოქტომბრის შემდეგაც, წლის ბოლომდე გახანგრძლივდება და ნოემბრიდან დეკემბრამდე პერიოდისთვის საზღვარგარეთ მიწოდებაზე ემბარგო ნავთობპროდუქტების არამწარმოებლებს შეუნარჩუნდებათ.
"კომერსანტის” შეფასებით, მთავრობა ემბარგოს იმიტომ ვერ აუქმებს, რომ ბაზარზე ფასების მკვეთრი ზრდის არიდებას ცდილობს და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების მარტის თავდასხმების განმეორებით რისკს ითვალისწიწნებს.
რუსეთმა ბენზინის ექსპორტის აკრძალვა მარტიდან აგვისტოს ჩათვლით დააწესა, რაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებსა და სამთავრობათაშორისო შეთანხმებებს არ შეეხო. თუმცა, 20 მაისს მთავრობამ საზღვარგარეთ ბენზინის მიწოდება ჯერ ივნისის ბოლომდე, შემდეგ კი ივლისშიც დროებით განაახლა, რაც წარმოების ნაწილობრივი აღდგენის ფონზე მოხდა. მაშინ ექსპორტის განახლებას კომპანია Surgutneftegaz-იც დაჟინებით მოითხოვდა, რომელსაც საწვავის ჭარბი მარაგისა და კირიშის ქარხანაში მისი გადამუშავების შემცირების ეშინოდა.
ცნობისთვის: ივლისის დასაწყისში ბენზინის საფონდო ფასმა 2024 წლის ახალ მაქსიმუმს მიაღწია. კერძოდ, 3 ივლისს გაზრდილი მოთხოვნისა და ექსპორტის ნებართვის გაგრძელების ფონზე AI-95-ის საწვავი 1.4%-ით, ხოლო AI-92 1.7%-ით გაძვირდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ