„ნეტა საერთოდ ჩაიკეტებოდეს - ხარისხით ჩვენს პროდუქციასთან ვერ მოვა“ - რატომ შემცირდა კვერცხის იმპორტი?

წელს 6 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოში კვერცხის იმპორტი 78%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, თუ შარშან იანვარ-ივნისში ქვეყანაში 22.358 მლნ ცალი (1.063 მლნ აშშ დოლარი) არასაინკუბაციო კვერცხი შემოვიდა, წელს 4.951 მლნ ერთეულის (216.7 ათასი აშშ დოლარი) იმპორტი განხორციელდა.

ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, წელს, ისევე როგორც გასულ წლებში საკვები კვერცხი მხოლოდ თურქეთიდან შემოვიდა.

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ შარშან თურქეთიდან რეკორდული რაოდენობის პროდუქტი შემოვიდა, რადგან ზოგიერთმა ქვეყანამ მათი პროდუქციის იმპორტი შეზღუდა, შესაბამისად, წელს 78%-იანი შემცირება, სწორედ ამის ფონზეა თვალშისაცემი.

სხვა მხრივ, როგორც ზურა უჩუმბეგაშვილი ამბობს, 3 დღის იმპორტირებული საკვები კვერცხი, ვერასდროს აჯობებს ხარისხით ადგილობრივს, შესაბამისად, მისი შემოტანის საჭიროება ქვეყანას არ აქვს.

„მიზეზი ძალიან მარტივია, შარშან თურქეთიდან იმპორტი ძალიან გაიზარდა და ახლა იმის ფონზე არის შემცირებული. თორემ, იმპორტით რაც შემოდის, ეგეც არ არის საჭირო. ძალიან ცუდი სიტუაცია იყო თურქეთში, სწრაფად გაუფასურდა ლირა, ჭარბი წარმოება იყო, რამდენიმე ქვეყანამ თურქული პროდუქცია ჩაკეტა და ერთადერთი გასაღების ბაზარი საქართველო აღმოჩნდა. მოგვაყარეს და მოგვაყარეს. წელს რაც შემოვიდა, ეგეც არ იყო საჭირო იმიტომ, რომ არ გვჭირდებოდა არაფერში. შარშან ხომ იყო დიდი მოცულობის იმპორტი და ფასი უფრო მაღალი იყო, ვიდრე წელს. ანუ, ფასზე არანაირ გავლენას არ ახდენს იმპორტის მოცულობა. ამ სიცხეში 3 დღის ტრანსპორტირებული, მაცივრის გარეშე პროდუქცია, ჩვენს წარმოებასთან ხარისხით ვერ მოვა და იმპორტის განხორციელების აზრი რა არის?! თუ პროდუქცია არ გჭირდება, თუ აქამდე ჩამოტანილი ადგილობრივზე უფრო ძვირია მაინც, რატომ უნდა შემოდიოდეს?! ასე რომ, ძალიან კარგია თუ შემცირდა, ნეტა საერთოდ ჩაიკეტებოდეს.

რაც შეეხება ადგილობრივ წარმოებას, ახალი ფაბრიკა არ გახსნილა, უბრალოდ, ფრინველს სხვადასხვა ასაკში აქვს სხვადასხვა პროდუქტიულობა, შესაბამისად, წარმოებაში მცირედი ზრდა ან შემცირება გამოწვეულია სწორედ ამ მიზეზით. სხვა მხრივ, სტაბილურად ვმუშაობთ,“- განაცხადა ზურა უჩუმბეგაშვილმა.

ნინი ქეთელაური