მიმდინარე წელს თბილისში 5 სკოლის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, - ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
განსახორციელებელი პროექტების ჯამური ღირებულება 44 473 061 ლარს აჭარბებს, საიდანაც 80.5%-ს ანუ 35 809 257 ლარს დონორები იხდიან. კერძოდ, დედაქალაქში დაგეგმილი 5 სკოლის რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხის უდიდეს ნაწილს - მსოფლიო ბანკი და ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი დააფინანსებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ 63-ე, 120-ე, 99-ე და 50-ე სკოლების რეაბილიტაციისთვის პროექტირება მიმდინარეობს.
ცნობისთვის, დედაქალაქის გარდა მიმდინარე წელს რეგიონებში დაგეგმილია 6 სკოლის რეაბილიტაცია. კერძოდ, ეს სკოლებია: სიმონიანთხევის საჯარო სკოლა (თიანეთი), მერეთის საჯარო სკოლა (გორი), საყდრიონისა და ნარდევანის საჯარო სკოლები (წალკა), ოშორასა და ურაველის საჯარო სკოლები (ასპინძა). ამ ეტაპზე მიმდინარეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება. ჯამში ამ 6 სკოლის რეაბილიტაცია 20.1 მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. აქაც თანხის უდიდეს ნაწილს დონორი - სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია (NEFCO) იხდის.