რუსეთში ფქვილი ძვირდება - როგორია ბაზრის პერსპექტივა

რუსეთში ფქვილი სულ უფრო ძვირდება და რეკორდული ექსპორტის, ასევე, ხორბლის პროგნოზირებულზე ნაკლები მოსავლის გამო, შესაძლოა, კიდევ უფრო გაძვირდეს. ინფორმაციას Forbes-ს დარგობრივი ორგანიზაციების მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

კერძოდ, რუსეთის მცხობელთა კავშირის მონაცემებით, ქვეყანაში ფქვილის ფასი აპრილის ბოლოდან და მიმდინარე ზაფხულს მკვეთრად, 20%-დან 30%-მდე გაიზარდა. კერძოდ, მაისის შუა რიცხვების შემდეგ პურფუნთუშეულ ბაზარზე ფქვილის ფასმა კილოგრამზე 4-5 რუბლით (0.04-0.05 დოლარით) ზრდა დაიწყო, ხოლო ივნისის შუა რიცხვებისთვის, თვის დასაწყისთან შედარებით, 30%-ზე მეტად გაძვირდა.

ივნისის მდგომარეობით, ფქვილის საბითუმო და საცალო ფასების დონე, 2023 წლის იმავე პერიოდის ღირებულებასთან შედარებით, უფრო მაღალი იყო. კერძოდ, თუ 2023 წლის ივნისში კილოგრამი ფქვილი 49.16 რუბლი (0.57 დოლარი) ღირდა, წლევანდელ ივნისში ფასმა 3,6%-ით მეტი, 50.93 რუბლი (0.59 დოლარი) შეადგინა.

“როსსტატის” მონაცემებით, საბითუმო სეგმენტში 2023-2024 წლების ივნისიდან ივნისამდე ტონა ხორბლის ფქვილზე დღგ-ს გარეშე ფასი 20%-ით, ანუ 18,783-დან 22,535 რუბლამდე (218-დან 262 დოლარამდე) გაიზარდა.

კიდევ ერთი სექტორული გაერთიანების, პურსაცხობი ეროვნული კავშირის მონაცემებით, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში კილოგრამ პრემიუმ ხორბლის ფქვილი აპრილ-მაისში, დაახლოებით, 21-22 რუბლი (0.24-0.25 დოლარი), ხოლო ივნისში უკვე 29-30 რუბლი (0.33-0.34 დოლარი) ღირდა. პირველი კლასის ხორბლის ფქვილი იანვარში კილოგრამზე 21 რუბლად (0.24 დოლარად), ხოლო ივნისში 25-26 რუბლად (0.29-0.30 დოლარად) ივაჭრებოდა. ასევე, თუ კანგაცლილი ჭვავის კგ. ფქვილი წლის დასაწყისში, დაახლოებით, 16 რუბლი (0.18 დოლარი) ღირდა, ზაფხულის დასაწყისში 20-22 რუბლამდე (0.23-0.25 დოლარამდე) მოიმატა და ბაზარზე გარკვეული დეფიციტიც გაჩნდა.

ივნისის შუა რიცხვების შემდეგ რუსეთში ფქვილის ფასების ზრდა შეჩერდა, თუმცა რეკორდულ დონემდე გაზრდილი მაინც დარჩა. კილოგრამზე მხოლოდ 1-1,5 რუბლით (0.01 დოლარით) დაღმავალი ცვლა ივლისის ბოლოს დაიწყო.

ხორბლის, ასევე, ფქვილისა და პურის ბაზარზე არსებული ფასების მდგომარეობაზე აქტიურად მოქმედებს ფქვილის რეალიზაცია საზღვარგარეთ. ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრო წელს 1,5 მლნ ტონა ფქვილის ექსპორტს გეგმავს. ბოლო 10 წლის განმავლობაში რუსეთიდან ხორბლის ფქვილის ექსპორტი 8,5-ჯერ გაიზარდა. 2023 წლის ბოლოს რუსეთი, თურქეთის, ყაზახეთისა და გერმანიის შემდეგ, მსოფლიოში ხორბლის ფქვილის მეოთხე ექსპორტიორი ქვეყანა გახდა. რუსეთის ფქვილისა და მარცვლეულის საწარმოთა კავშირის მონაცემებით, 2023 წელს საზღვარგარეთ, დაახლოებით, 1,13 მლნ ტონა ფქვილი გავიდა. იმავე წელს რუსეთის წილმა ხორბლის ფქვილის გლობალურ ექსპორტში 8.3% შეადგინა, მაშინ, როცა 2013 წელს მხოლოდ 1.0% იყო.

თუმცა რეკორდული სეზონის შემდეგ აგრარული ბაზრის კონიუნქტურის ინსტიტუტი (ICAR) რუსეთიდან ფქვილის ექსპორტის 550,000 ტონამდე განახევრებას პროგნოზირებს, რის მიზეზადაც ხორბლის გადამუშავების ხარჯის ზრდას ასახელებს.

ექსპერტების შეფასებით, ფქვილის ფასი კორელაციაშია მარცვლეულის ღირებულებასთან, რადგან ნედლეულის კომპონენტის წილი ფქვილის ღირებულებაში 80-85%-ს შეადგენს. ხორბლის ახალი პროგნოზირებული მოსავალი კი შარშანდელზე ნაკლებია, რაც, 2023 წლის 142,6 მლნ ტონასთან შედარებით, დაახლოებით, 132 მლნ ტონას შეადგენს. ამდენად, რუსეთში ფქვილი შესაძლოა, კიდევ უფრო გაძვირდეს.

რაც შეეხება საწარმოო სიმძლავრეს, 2023 წელს ყველა ჯიშის ხორბლის ფქვილის წარმოების მთლიანმა მოცულობამ 8,998 მლნ ტონა შეადგინა, რაც, 2022 წელთან შედარებით, 3,2%-ით, ანუ 281,600 ტონით მეტია.

ცნობისთვის: საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში ფქვილის უმსხვილესი იმპორტიორი კვლავ რუსეთი იყო. ფქვილის მთლიან იმპორტში მისმა წილმა 92%-ს მიაღწია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ